Thumbnail
  • საფეხბურთო გერმანია 4 დეკემბრის მოლოდინშია
  • DFB-ს სხდომაზე იოახიმ ლიოვის ბედი გადაწყდება
  • მანამდე, იურისტებმა კონტრაქტის დეტალები უნდა გაარკვიონ

გერმანიის ნაკრების კრიზისზე ბევრჯერ დავწერეთ. ახლა ასეთი ვითარებაა: ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვზე გერმანიის საფეხბურთო კავშირი (DFB) 4 დეკემბერს იმსჯელებს. დატოვებენ იოგის ევროპის ჩემპიონატამდე თანამდებობაზე? გაშვების შემთხვევაში, სოლიდური კომპენსაცია უნდა გადაუხადონ!

გერმანული მედიის ინფორმაციით, DFB 60 წლის მწვრთნელს არ გაუშვებს. ლიოვს კონტრაქტი 2022 წლის მუნდიალის ჩათვლით აქვს გაფორმებული და ‘ბილდი’ წერს, რომ თუ ახლა გაათავისუფლებენ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაცია, 8 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

‘ბილდის’ ინფორმაციით, ლიოვი თავისი პრემიებით წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებს. მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტასაც ითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ ევრო 2020-ის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო, გაჩნდა კითხვა - რჩება თუ არა ხსენებული პუნქტი ძალაში. თუ აღარ არის, მაშინ, გაშვების შემთხვევაში ლიოვს ორი წლის ხელფასი უნდა გადაუხადონ, რაც 8 მილიონი ევროა. რამდენიმე გერმანული გამოცემა იმასაც წერს, რომ საფეხბურთო კავშირში ელოდებიან, იქნებ ლიოვი თვითონ გადადგეს. ასეთ შემთხვევაში მისთვის კომპენსაცია არ ექნებათ გადასახდელი...

4 დეკემბერს, DFB-ს პრეზიდიუმს ანალიზს და სამომავლო ხედვას არა ლიოვი, არამედ გერმანიის ნაკრების დირექტორი  ოლივერ ბირჰოფი წარუდგენს. სხდომიდან 3 დღეში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები