Thumbnail

PREVIEW | ქართული დერბი განსხვავებული ამოცანებით და ვითარებით

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 26 ნოემბერი | ⌚ 17:00 | ⚽ დინამო თბილისი V ტორპედო
  • ქართული დერბი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია
  • დინამოს ჩემპიონობა უნდა, ტორპედოს - ლიგაში დარჩენა

საქართველოს ჩემპიონობის რეალური კანდიდატები, დინამო თბილისი და დინამო ბათუმი გადადებულ მატჩებს თითქმის ერთდროულად გამართავენ. ლიდერ თბილისელებს დერბი აქვთ ქუთაისის ტორპედოსთან, მეორე ადგილზე მყოფი დინამო ბათუმი კი თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს.

ქართული დერბი - ეს დაპირისპირება საქართველოში განსაკუთრებულია სატურნირო მდგომარეობისგან განურჩევლად. ცხრილში ვითარება კი ახლა ორივე გუნდს რადიკალურად განსხვავებული აქვს.

დინამო თბილისი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მხოლოდ საკუთარ შედეგებზეა დამოკიდებული. ჩისკოს გუნდი თუ დარჩენილ ოთხ მატჩში ქულებს არ დაკარგავს, ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ბოლო ოთხი თამაში ზედიზედ მოიგეს, თანაც საკმაოდ დამაჯერებლად და გამართული ფეხბურთით. ტორპედოში კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია - ქუთაისელთა მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება.

📺 ლოკომოტივი 0:2 დინამო თბილისი [მიმოხილვა]

მიხეილ აშვეთიას გუნდი მიმდინარე სეზონში ბევრი პრობლემიდან გამომდინარე ქულებს რთულად აგროვებს. იმერლებმა ბოლო ოთხ თამაშში 7 ქულა მოიპოვეს, რითაც ოდნავ გაიუმჯობესეს მდგომარეობა, მაგრამ მაინც პლეი აუტის ზონაში იმყოფებიან. ტორპედოს მხოლოდ 16 ქულა აქვს და მის წინ მყოფ სამტრედიას 3 ქულით ჩამორჩება (თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული). მეორეს მხრივ, ქუთაისელებს ბოლო ადგილზე გასვლის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრებათ და როგორც მინიმუმ, პლეი აუტში თამაში განაღდებული აქვთ.

ქართული დერბი ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული დაპირისპირებაა. მას დიდი ისტორია აქვს და ზოგჯერ ამ გუნდებს შორის უშუალოდ გადაწყვეტილა საქართველოს ჩემპიონატის ბედი. მაგალითად, 2002 და 2017 წლებში. ორჯერვე გამარჯვება ტორპედოს დარჩა (1:0) და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თუმცა, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ჩემპიონობისთვის მხოლოდ დინამო იბრძვის და მიზანთან არც ისე შორსაა.

პირველ წრეში ქუთაისში გამართული თამაში უგოლოდ დასრულდა

ორივე გუნდში მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ადრე საპირისპირო ბანაკში ირიცხებოდნენ. დინამოში ექსტორპედოელები - როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი ქიმაძე, გიორგი კუხიანიძე, არფან დაფე და თორნიკე კაპანაძე. ტორპედოშიც არიან დინამოს ყოფილი ფეხბურთელები - გიორგი ჯანელიძე, დემეტრე ბულისკერია და ირაკლი ძარია. იმერელთა კაპიტან ბაჟა ტაბატაძესაც უთამაშია თბილისურ კლუბში, ოღონდ მცირე ხნით.

ნოდარ იაშვილი (დინამო თბილისის ფეხბურთელი): "გუნდში კარგი განწყობაა, ფეხბურთელები მზად ვართ თამაშისთვის. ჩვენ ოპტიმიზმს ზედიზედ მოგებული თამაშებიც ამაგრებს. ჩემპიონობისკენ მივიწევთ ამ სეზონში და სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს. ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ქართული დერბი ყოველთვის საინტერესო და დაძაბულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ოქროს მედლებისკენ".

საინტერესო ფაქტები

დინამო თბილისი და ტორპედო ერთმანეთს 76-ჯერ შეხვედნენ, საიდანაც თბილისელებმა 38 მატჩი მოიგეს, ქუთათურებმა 17-ჯერ, ხოლო 21 თამაში ფრედ დასრულდა.

დინამო თბილისს ბურთების ბალანსის მხრივაც დიდი უპირატესობა აქვს: 123 გოლი 69-ს წინააღმდეგ.

ისტორია გვიჩვენებს, რომ ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიშია - 1:0, რომელიც 16-ჯერ დაფიქსირდა.

დინამო თბილისს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (6) და ყველაზე მეტი გატანილი (27).

ამ გუნდების ბოლო 10 ურთიერშეხვედრაში 7-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

2017 წელს დინამოს ამჟამინდელმა მეკარემ როინ კვასხვაძემ, რომელიც იმ დროს ტორპედოს კარს იცავდა, გადამწყვეტი პენალტი მოიგერია და იმერლები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

⚽ ამ გუნდების ბოლო თამაში ქუთაისში 2020 წლის 12 ივლისს გაიმართა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

⚽ დინამო თბილისს მიმდინარე სეზონში შინ 6 მატჩში მხოლოდ 11 ქულა აქვს მოპოვებული, რაც საშინაო მატჩებში მხოლოდ მეხუთე შედეგია.

⚽ ტორპედომ სტუმრად 7 თამაშში 7 ქულა მოიპოვა. ბოლო გამარჯვება იმერლებმა გასვლაზე 1 აგვისტოს ლოკომოტივთან მოიპოვეს.

⚽ დინამო თბილისის ბოლო ხუთ მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ტორპედოს ბოლო ხუთ თამაშში კი 2-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე 2-ჯერ ორივე გუდნმა გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები