Thumbnail
  • 📅 26 ნოემბერი | ⌚ 18:00 | ⚽ დინამო ბათუმი V ლოკომოტივი
  • ქულებს ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
  • დინამო და ლოკო ერთმანეთში ფრეს 5 წელია არ თამაშობენ
  • პირდაპირი რეპორტაჟი eliga.ge-ზე და Silk Universal-ზე

საქართველოს ჩემპიონობისთვის რეალურად ორი გუნდიღა იბრძვის - დინამო თბილისი (31 ქულა) და დინამო ბათუმი (29) გამოტოვებულ მატჩებს გამართავენ - ლიდერს დერბი აქვს ქუთაისის ტორპედოსთან და მდევარ ბათუმელებსაც ძალიან რთული მატჩი ელით თბილისის ლოკომოტივთან. 

ბათუმში 15 წელი ელოდნენ ახალ სტადიონს, სადაც პირველი თამაში შაბათს ჩატარდა და გია გეგუჩაძის გუნდმა გორის დილა გიორგი ნიქაბაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა. ახლა კი, ბათუმელები ახალ არენაზე ზედიზედ მეორე შეხვედრას ჩაატარებენ და მეტოქე ამჯერადაც არ არის იოლი, უფრო მეტიც, კონკურენტუნარიანი თბილისი ლოკომოტივია.

დინამო ბათუმი - ლოკომოტივი

26 ნოემბერს, ახალ არენაზე FC Dinamo Batumi-ს მეტოქე ლოკომოტივი იქნება! 🏟 ვინ მოიგებს შეხვედრას? ⚽️

Posted by popsport on Tuesday, November 24, 2020


დინამო ბათუმმა დილასთან გამარჯვებით საჩემპიონო რბოლაში სრულფასოვნად დაბრუნება შეძლო და დინამო თბილისს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. სეზონი ფინიშის ხაზთან ახლოსაა და ახლა ყველა ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აჭარლები კარგ ფორმაში არიან, ბოლო 3 თამაში მოიგეს და 12 სექტემბრის შემდეგ არ დამარცხებულან. ეს ეროვნულ ლიგაში, თორემ მათი ბოლო წაგება 19 სექტემბრით თარიღდება, როცა საქართველოს თასზე გაგრასთან დამარცხდნენ. საერთოდ, დინამო ბათუმს მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში ერთადერთი მარცხი აქვს. ლოკომოტივი კი ორმატჩიანი მოუგებელი სერიით ხვდება ამ თამაშს, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს თავისი ამოცანა აქვს დასახული - ევროპალიგის ზონაში მოხვედრა სურს.

დინამო ბათუმი 1:0 გორის დილა [21/11/20]

პირველი მატჩი და პირველი გამარჯვება - დინამო ბათუმმა ახალ არენაზე გორის დილა დაამარცხა! 🔵🔴 FC Dinamo Batumi | FC Dila Gori

Posted by popsport on Monday, November 23, 2020


ეს გუნდები ერთმანეთს პირველ წრეში თბილისში შეხვდნენ და ბათუმელებმა იოლად მოიგეს (4:1). იმ მატჩში დუბლი შეასრულა ფლამარიონ ჯოვინომ, რომელიც გუნდში უკვე აღარ ირიცხება. ლოკოს კი სარევანშოდ აქვს საქმე, რადგან მიმდინარე სეზონში ალბათ ყველაზე მტკივნეული მარცხი სწორედ ამ მეტოქესთან განიცადა. შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ პირველი წრის დაპირისპირებაში შედგა გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი ლოკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ზოგადად, საინტერესო დუელია ჭიაბრიშვილი V გეგუჩაძე - ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, ზესტაფონში კი, გეხსომებათ, ერთად მუშაობდნენ.

თორნიკე გაფრინდაშვილი (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "პირველ რიგში ვიტყვი, რომ გორის დილასთან პირველი მატჩი ვითამაშეთ ახალ სტადიონზე და მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან ბათუმს 15 წლის განმავლობაში სტადიო არ ჰქონდა. სასიამოვნოა, რომ ის შეხვედრა მოვიგეთ. რაც შეეხება ლოკომოტივთან თამაშს, მეტოქე კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუმცა  ჩვენ კარგი მომზადება გავიარეთ იმისთვის, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებს.  მნიშვნელოვანია, რომ ზედიზედ მეორე თამაშს ჩავატარებთ ახალ სტადიონზე და ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ".

სანდრო გურეშიძე (ლოკომოტივის ფეხბურთელი): "ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ყველა ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი მეტოქისთვის. ვიცით, რომ საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ეს მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ. გამომდინარე იქედან, რომ დიდია კონკურენცია სამეულში შესასვლელად, საჭიროა ქულათა მაქსიმუმის აღება დარჩენილ მატჩებში. რასაც მჯერა, რომ მოვახერხებთ და ლოკომოტივი მომავალ წელსაც იასპარეზებს ევროტურნირზე".

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმისა და ლოკომოტივის ბოლო 10 მატჩი ფრედ არ დასურლებულა (5-5 მოგება/წაგება). ბოლოს გუნდებმა ქულები 2015 წლის 27 ნოემბერს გაიყვეს.

⚽ ამ გუნდების ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან სამჯერ ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა - 2:1. ორჯერ აჭარლებმა მოიგეს, ერთხელ დედაქალაქელებმა.

⚽ სანამ პირველ წრეში დინამო ბათუმი სტუმრად აჯობებდა ლოკომოტივს, მანამდე ზედიზედ 6 შეხვედრაში 3 ქულა მასპინძელ გუნდს რჩებოდა.

⚽ დინამო ბათუმს შინ 7 მატჩში 12 ქულა აქვს მოპოვებული. ახალ არენაზე კი ჯერ მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

⚽ ლოკომოტივს ანალოგიური შედეგი (12 ქულა 7 თამაშში) საგარეო შეხვედრებში აქვს.

⚽ დინამო ბათუმის ბოლო ხუთ მატჩში ორჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ორჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. დანარჩენი სამი თამაში კი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა - 1:0.

⚽ ლოკომოტივის ბოლო 5 დაპირისპირებაში ასევე ორჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ორჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ დინამო ბათუმის ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური და ლოკოს თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე ბომბარდირობისთვის იბრძვიან შესაბამისად 7 და 6 გოლით. ისინი მხოლოდ გორის დილას ფორვარდ მიკოლა კოვტალიუკს ჩამორჩებიან (8 გოლი).

⚽ გიორგი ჭიაბრიშვილი სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე გია გეგუჩაძესთან ერთად მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები