Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 30 წლის მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა და ირლანდიასთან მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის თქმით, არის სხვა პატარ-პატარა ტრავმებიც, რაც მომავალი მატჩისთვის ცვლილებებს განაპირობებს:

“კოტეს ნეკნი გატეხილი არ აქვს, მაგრამ ხრტილია დაზიანებული და ირლანდიასთან მისი თამაში საეჭვოა. დავაკვირდებით როგორ წავა აღდგენითი პროცესი და ვიმედოვნებთ, მეოთხე თამაშისთვის მზად იქნება. ტრავმა მოიშუშა ნოდარ ჭეიშვილმა, თუმცა სასურველ ფორმაში ჯერ არ არის. არის პატარ-პატარა ტრავმები – კისრის გაშეშება, კუნთის დაჭიმულობა და ა.შ. სერიოზული დაზიანებები არ გვაქვს, მაგრამ წვრილ-წვრილი ტრავმიდან სერიოზულ დაზიანებამდე ერთი ნაბიჯია. ტრავმირებულებს ვარჯიშებზე დავაკვირდებით და თუ ვერ შეძლეს სრულად აღდგენა, მოხდება ჩანაცვლება“.

წინასწარი ინფორმაციით, ბორჯღალოსნებს 5 დეკემბერს “შემოდგომის ერთა თასზე” მეოთხე მატჩის გამართვაც მოუწევთ და შესაბამისად, შემადგენლობაში როტაცია ისედაც იგეგმებოდა:

“დიდი ალბათობით, მეოთხე მატჩი გაიმართება. ფიჯის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში წაგება ჩაეთვალა, მაგრამ ისინი უკვე ვარჯიშობენ და მეოთხე თამაშის გაუქმება ამ ეტაპზე არც განიხილება. ჩვენ რამდენიმე მოთამაშე გვყავს საქმეში სანახავი და ირლანდიასთან შემადგენლობაში როტაცია აუცილებლად იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეებს ახალ ტურნირზე უკვე 2 მატჩი აქვთ ჩატარებული (0:40 – ინგლისთან, 0:18 – უელსთან), მესამე რაუნდში კი, დუბლინში, ირლანდიას 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათიდან ეთამაშებიან. ვთქვათ ისიც, რომ თუკი არაფერი შეიცვალა, 5 დეკემბერს ფიჯისთან მატჩი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები