Thumbnail

მესიზე 8-ჯერ მეტი გოლი - ერლინგ ჰაალანდის სუპერბომბარდირული გრაფიკი

  • დორტმუნდის 20 წლის თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგაში რეკორდით გამოირჩა
  • ნორვეგიელს ტურნირში 16 გოლის გასატანად ყველაზე ნაკლები მატჩი დასჭირდა
  • ერლინგ ჰაალანდის განსაცვიფრებელი სტატისტიკა 

დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდმა ერლინგ ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგაში რეკორდი დაამყარა. 20 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში ბრიუგესთან დუბლით გამოირჩა, ისეთი ვარსკვლავების მიღწევები დაჩრდილა, როგორებიც ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და რობერტ ლევანდოვსკი არიან. 

ახლა ჰაალანდის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში გატანილი 16 გოლია (დორტმუნდში გადასვლამდე ის ზალცბურგშიც იტანდა). ისტორიაში აქამდე არცერთ ფეხბურთელს გაუტანია ტურნირში ჩატარებულ პირველ 12 შეხვედრაში ამდენი. შედარებისთვის, ბარსელონას არგენტინელმა ფორვარდმა ამ რაოდენობის თამაშში სულ 2 გოლი შეაგდო, ხოლო იუვენტუსის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა - არცერთი. 

ამ მაჩვენებლით რონალდო და მესი ნორვეგიელთან ახლოსაც ვერ მივლენ

ლიგაში 15-გოლიან ნიშნულს ნორვეგიელმა ასევე ყველაზე ნაკლებ თამაშში მიაღწია. ნიდერლანდელ რუდ ვან ნისტელროისა (პსვ, მანჩეტერ იუნაიტედი) და ესპანელ რობერტო სოლდადოს (ვალენსია) ამისთვის 19-19 მატჩი დასჭირდათ, ჰარი კეინს (ტოტენჰემი) კი - 20. ტურნირში 15 გოლის გატანა რობერტ ლევანდოვსკიმ 25 თამაშში შეძლო, ლიონელ მესიმ - 29-ში, ხოლო კრიშტიანო რონალდომ - 51-ში.

სხვათა შორის, ერლინგმა მოასწრო და ჩემპიონთა ლიგაში კარიერის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით უკვე აჯობა ლეგენდარულ ფეხბურთელებს: ბრაზილიელ რონალდოსა და ფრანგ ზინედინ ზიდანს, რომელთა ანგარიშზე 14-14 გოლია. 

📺 დორტმუნდი v ბრიუგე [მიმოხილვა]

დორტმუნდის ბორუსიამ საკუთარ მოედანზე ბრიუგესთან გამარჯვებით (3:0) 9 ქულა დააგროვა და F ჯგუფში პირველ ადგილზეა. 8 ქულით მეორე რომის ლაციოა, შემდეგ კი ბრიუგე (4) და ზენიტი (1) მოდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები