Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ესპოოს “მეტრო არენაზე” პირველად ივარჯიშა. ესპოო ფინეთის სიდიდით მეორე ქალაქია და დედაქალაქ ჰელსინკიდან, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი შვეიცარიის, სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად ცხოვრობს, ნახევარი საათის სავალზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისიდან სუპერლიგაში მოთამაშე 8 კალათბურთელით გაემგზავრა. ესენი არიან: მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე. ნაკრებს ფინეთის დედაქალაქის აეროპორტში დახვდა ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე თად მაკფადენი, ხოლო სასტუმროში – გიორგი შერმადინი. ჰელსინკიში ჩავიდნენ ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტი – ილიას ზუროსი და გიორგიოს ლიმნიატისი, ასევე საფრანგეთში მოთამაშე გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე.

ილიას ზუროსის განკარგულებაში 12 კალათბურთელია

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში 12 კალათბურთელის შემადგენლობით ჩაატარა. ილიას ზუროსმა მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად გუნდი სხვადასხვა კომპონენტებზე ავარჯიშა. ჩასვლის დღეს სოლიდური დრო მოთელვებსა და გაწელვით ვარჯიშებს დაეთმო, თუმცა ილიას ზუროსმა გუნდი ტაქტიკაზეც საკმაოდ ავარჯიშა. ეროვნული გუნდის ვარჯიში საათნახევარს გაგრძელდა, დღეს კი, ნაკრებს უკვე 2 ვარჯიში ექნება და მოთამაშეები სავარჯიშოდ ფიტნესის დარბაზსაც ეწვევიან. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელსაც მოსკოვის ცსკა-ს მაისურით, 26 ნოემბერს, მადრიდის რეალთან მატჩი ელის, ეროვნულ გუნდს 27 ნოემბერს შეუერთდება.

საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს, მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, 30-ში კი, შვეიცარიასთან თამაშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, თუმცა, მაინც სასიამოვნოა, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე დამარცხებული ჰყავთ ხსენებული შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და E ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები