Thumbnail

ლაშა დვალს ზედიზედ მეორედ მოუწია კრიშტიანო რონალდოსთან და კომპანიასთან ბრძოლა - ტურინში დვალის ფერენცვაროშს სულ ცოტა დააკლდა სენსაციამდე - რომ არა ალვარო მორატას გოლი ბოლოს, უნგრელები იტალიიდან ქულას წაიღებდნენ. არადა, თავიდან ფერენცვაროში სულაც იგებდა. დვალმა 90 წუთი ითამაშა 1:2 წაგებულ მატჩში და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ბუდაპეშტის მატჩში, რომელშიც ფერენცვაროში 1:4 განადგურდა, 25 წლის ქართველმა მცველმა კი ავტოგოლი მიითვალა. 

ტურინში დვალმა სამი ცენტრალური მცველიდან ერთ-ერთის პოზიციაზე ითამაშა. whoscored.com-მა მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასა, რაც ფერენცვაროშში მეორე შეფასებაა (ლოვრენიჩთან და ფრიმპონგთან ერთად), ქართველი მცველი მხოლოდ უზუნის (7.7) ჩამორჩა. მატჩში საუკეთესო შეფასებები: კუადრადოს (8.3), სანდროს (8.2) და რონალდოს (7.8) ჰქონდათ. 

დვალი მარცხენა ცენტრალურ ზონაში მოქმედებდა, სადაც ძირითადად დიბალა და რონალდო უტევდნენ. დვალი ბურთს 73-ჯერ შეეხო (ყველაზე მეტი ფერენცვაროშში). მან 7-ჯერ ჩაჭრა მეტოქეთა პასები, 4-ჯერ საშიში ზონიდან გამოიტანა და მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. შეტევაში ერთი წარმატებული დრიბლინგიც ჰქონდა. პასების რიცვით (58), ის ასევე საუკეთესო იყო სტუმართა გუნდში (75% ზუსტი), მისი 10 გრძელი პასიდან 4 ზუსტი აღმოჩნდა. 

ბუდაპეშტის მატჩში ლაშამ ძალიან დაბალი შეფასება მიიღო - 5.3, როგორც ხედავთ, პროგრესი აშკარაა. ფერენცვაროში პლეი ოფში ვერ გავა, თუმცა კიევის დინამოსთან ევროპალიგის პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა აშკარად შეუძლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები