Thumbnail
  • იუვენტუსი 2:1 ფერენცვაროში
  • დინამო კიევი 0:4 ბარსელონა

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერი დასრულდა. ბარსელონამ და იუვენტუსმა მერვედფინალის საგზური ნაადრევად გაიფორმეს და დარჩენილი ორი ტური ფორმალობად იქცა. ერთადერთი პირველი ადგილის ბედია გაურკვეველი, მაგრამ ესპანელებს 3 ქულით მეტი აქვთ და უშუალო კონკურენტ იუვესთან სტუმრად მოგებულიც აქვთ (2:0). ასე რომ, ბარსა დიდი ალბათობით, პირველ ადგილზე გავა, ანდრეა პირლოს იუვენტუსი - მეორეზე.

ბარსელონა მე-4 ტურში კიევში, დინამოს შესუსტებული შემადგენლობით ესტუმრა. ფეხბურთელების ნაწილი კატალონიელებს ტრავმების გამო დააკლდნენ, ნაწილიც, მაგალითად ლიონელ მესი და ფრენკი დე იონგი რონალდ კუმანმა დაასვენა. მიუხედავად ამისა, ბარსამ ძალიან ადვილად მოიგო - 4:0. უკრაინელებმა პირველი ტაიმი გაძლეს და შესვენებამდე გოლი არ გასულა, მაგრამ მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა ძალიან დიდი იყო.

ანგარიში სერჯინო დესტმა გახსნა, რომელიც ბარსას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მცველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა (20 წლის 21 დღის), ხოლო შემდეგ მარტინ ბრაითვაითმა დუბლი შეასრულა. დანიელმა საგოლე პასიც გააკეთა და ნიკლას ბენდტნერის შემდეგ მეორე დანიელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში სამ გოლში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას წერტილი ანტუან გრიზმანმა დაუსვა. ბარსელონას 12 ქულა აქვს და ლა ლიგისგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგად გამოიყურება. კატალონიელები მერვედფინალში ითამაშებენ და იქამდე მშვიდად ყოფნა შეუძლიათ.

ლაშა დვალმა იუვენტუსის ვარსკვლავების წინააღმდეგ კარგად ითამაშა

მერვედფინალის საგზური იუვენტუსმაც გაიფორმა, ოღონდ ძალიან გაუჭირდა. ფერენცვაროშთან იუვე უდავო ფავორიტი იყო, მაგრამ ალვარო მორატამ გადამწყვეტი გოლი მსაჯის კომპენსირებულ მე-2 წუთზე გაიტანა. მანამდე, უნგრელები მე-19 წუთზე უზუნიმ სწრაფი კონტრშეტევის შედეგად დააწინაურა, ხოლო ტაიმის ბოლოს კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა. პორტუგალიელი ლიონელ მესის გაუთანაბრდა - საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში გოლებს - 70-70.

მეორე ტაიმში კი ფედერიკო ბერნარდესკიმ და ალვარო მორატამ ხელსაყრელი მომენტები გაანიავეს, ორჯერვე ბურთი ძელს მოხვდა. ბოლო წუთზე კი, როცა ყველას ეგონა, რომ სენსაციური ფრე დაფიქსირდებოდა, მორატამ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 გოლი გაიტანა და იუვეს პლეი ოფის საგზური მოუტანა. ფერენცვაროშის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ლაშა დვალმა და საკმაოდ კარგადაც. ქართველი მცველი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი იყო და განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვია.

ამ ჯგუფში ორი ინტრიგა დარჩა - ვის დარჩება პირველი ადგილი და ვინ გავა მესამე პოზიციაზე, რაც ევროპალიგის საგზურის მომტანია. მომდევნო ტურში ფერენცვაროში ბარსელონას უმასპინძლებს, ხოლო იუვენტუსი კიევის დინამოს.

დინამო კიევი 0:4 ბარსელონა

გოლები: 0:1 დესტი (52), 0:2 ბრაითვაითი (57), 0:3 ბრაითვაითი (70, პენ), 0:4 გრიზმანი (90)

დინამო კიევი (4-3-3): ბუშჩანი - კეძიორა, ზაბარნი, მიკოლენკო, კარავაევი (59. პოპოვი) - შეპელევი (83. ბალუტა), ბუიალსკი, ჰარმაში (59. ანდრიევსკი) - შაპარენკო (71. ლედნევი), ვერბიჩი, დე პენა (70. სუპრიაჰა)

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი - დესტი, მინგესა, ლენგლე (65. ალბა), ფირპო - პიანიჩი (65. რიკი პუგი), ალენა - ტრინკაუ (83. დე ლა ფუენტე), კოუტინიო (65. გრიზმანი), პედრი (73. ფერნანდესი) - ბრაითვაითი

იუვენტუსი 2:1 ფერენცვაროში

გოლები: 0:1 უზუნი (19), 1:1 რონალდო (35), 2:1 მორატა (90)

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - კუადრადო, დანილო, დე ლიხტი, ალექს სანდრო - მაკკენი (62. კულუშევსკი), ბენტანკური (82. რაბიო), არტური (82. რემზი), ბერნარდესკი (62. კიეზა) - დიბალა (62. მორატა), რონალდო

ფერენცვაროში (3-4-3): დიბუში - ლოვრენჩიჩი (75. ბოტკა), ბლაჟიჩი, დვალი - ჰაისტერი, შიგერი (75. ლაიდუნი), სომალია, ფრიმპონგი - ზუბკოვი (70. ისაელი), უზუნი, ნგუენი (70. ბოლი)

კომენტარები

ბოლო ამბები