Thumbnail
  • 📅 25 ნოემბერი | ⌚ 23:59 | ⚽ ინტერი V რეალი
  • ორივე გუნდისთვის ქულებს ფუნდამენტური მნიშვნელოვანი აქვს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მთავარი დაპირისპირება მილანშია, სადაც ინტერი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. გარდა იმისა, რომ ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა, ახლა სატურნირო მოტივაცია ინტრიგას კიდევ უფრო ზრდის.

ორივე გუნდისთვის მიმდინარე სეზონი არასტაბილურად დაიწყო და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგა, სადაც საწყის ორ ტურში ვერც მილანელებმა და ვერც მადრიდელებმა შახტარსა და გლადბახს ვერ მოუგეს. წინა ტურში კი, "სამეფო გუნდმა" "ნერაძური" მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ზინედინ ზიდანის გუნდი პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ ინტერმა გათანაბრება შეძლო. მატჩის ბედი როდრიგომ მე-80 წუთზე გადაწყვიტა და რეალს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ინტერი კი 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა და ამიტომ, გამარჯვების გარდა, სხვა გზა მოჭრილი აქვს.

რეალი ცუდ ფორმაშია, ინტერთან გამარჯვების შემდეგ ზინედინ ზიდანის გუნდმა ლა ლიგაში ორი მატჩი ჩაატარა და ვერცერთი მოიგო. ჯერ ვალენსიასთან 1:4 დამარცხდა, სამი დღის წინ კი ვილიარეალს დაუზავდა (1:1). მეორე მხრივ, ინტერმა ბოლო 5 თამაშიდან ერთი მოიგო, ისიც ბოლო ტურში ტორინოსთან 4:2, მაგრამ 63-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო 'დაქამბექება'.

სერხიო რამოსმა მადრიდში ინტერს გაუტანა, მაგრამ ახლა ვერ ითამაშებს

რეალი შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. ტრავმების გამო გუნდს სერხიო რამოსი და ქარიმ ბენზემა ვერ დაეხმარებიან - ზიდანის გუნდის ორი მთავარი ფიგურა. გარდა ამისა, ტრავმები აქვთ ფედერიკო ვალვერდეს, ალვარო ოდრიოსოლასა და ედერ მილიტაოს, ხოლო ლუკა იოვიჩს კორონავირუსი აქვს. სამაგიეროდ, დაბრუნდა ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი კაზემირო, რომელსაც ბოლო თამაშების გამოტოვება მოუწია. პრობელემების გარეშე არც ანტონიო კონტეს ინტერია, რომელსაც რამდენიმე მოთამაშე აკლია, მათ შორის, ალექსანდრ კოლაროვი და მარსელო ბროზოვიჩი კორონავირუსის გამო, მაგრამ ბუნებრივია, რეალს დანაკლისთან შედარებით ეს დიდ პრობლემად არ მოჩანს.

ანტონიო კონტე V ზინედინ ზიდანი - ეს ცალკე ინტრიგაა. დიდი ხნის ნაცნობები და კარგი მეგობრები. კონტე და ზიდანი 1996-2001 წლებში იუვენტუსში თანაგუნდელები იყვნენ და რა თქმა უნდა, ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. ერთად თამაშის პერიოდში ორივე მათგანს ისეთი მწვრთნელები ავარჯიშებდნენ, როგორებიც მარჩელო ლიპი და კარლო ანჩელოტი არიან და ალბათ, მათგან ორივემ ბევრი ისწავლა. სამწვრთნელო ასპარეზზე ზიდანისა და კონტეს გზები პირველად 3 კვირის წინ გადაიკვეთა. თუ არ ჩავთვლით 2013/14 წლების სეზონს, როდესაც კონტე იუვეს თავკაცობდა, ხოლო ზიდანი რეალში ანჩელოტის თანაშემწე იყო.

რეალი იტალიაში საკადრო პრობლემებით ჩავიდა

როგორც უკვე გითხარით, რეალი V ინტერი მე-20 საუკუნეში გამორჩეული დაპირისპირება იყო. 1998-1999 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც ორივე გუნდმა შინ მოიგო (რეალმა 2:0 და ინტერმა 3:1). 60-იან და 80-იან წლებში ამ გუნდების თამაში ნამდვილი კლასიკა გახლდათ. 1964 წელს ისინი ჩემპიონთა თასის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და ინტერმა 3:1 მოიგო. გარდა ამისა, ორჯერ ნახევარფინალში (1966 და 1981 წლებში) ერთხელ კი მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ (1967 წელს) - ორჯერ რეალი გავიდა შემდეგ ეტაპზე, ერთხელ ინტერი. ეს მხოლოდ ჩემპიონთა თასზე, ხოლო ევროპა ლიგაზე 1985 და 1986 წლებში ზედიზედ ორჯერ უეფას თასის ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც რეალმა ორჯერვე დრამატულად მოიგო (1985 წელს, 0:2, 3:0 და 1986 წელს 1:3, 5:1 დამატებით დროში). და ბოლოს, 1983 წელს თასების თასზე მეოთხედფინალში ორმატჩიანი დაპირისპირება ისევ მადრიდელებმა მოიგეს (1:1, 2:1).

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალს ინტერის წინააღმდეგ უეფას ტურნირებში შინ 8 მატჩიდან 7 მოგებული აქვს. მილანური კლუბი 1998 წლის სექტემბრის შემდეგ რეალს პირველად უმასპინძლებს, მაშინ კი 3:1 დაამარცხა და რობერტო ბაჯომ დუბლი შეასრულა.

⚽ უეფას ტურნირებზე ამ გუნდებს შორის ბოლო 11 მატჩიდან ყოველთვის მასპინძლები იგებდნენ, მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ფრე. ბოლოს ამ გუნდებს შორის სტუმარმა 1967 წელს მოიგო.

⚽ რეალმა იტალიური კლუბების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო. გამონაკლისია მხოლოდ იუვენტუსთან საშინაო წაგება 2018 წლის აპრილში (1:3).

⚽ რეალს ჩემპიონთა ლიგაზე ინტერთან წინა შეხვედრამდე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა (1 ფრე, 3 წაგება), რაც 2006 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იყო. მაშინ "სამეფო გუნდს" 5 თამაში არ ჰქონდა ზედიზედ მოგებული.

⚽ ინტერმა ეს თამაში თუ ვერ მოიგო, თავის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე სეზონში საწყის ოთხ მატჩში გამარჯვება არ ექნება მოპოვებული.

⚽მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 2019 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია, როდესაც ბელგიაში ბრიუგე დაამარცხა (3:1). მას მერე ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს სტუმრად და ბოლოს ამაზე უარესი შედეგი 2016 წელს ჰქონდა (4 მოუგებელი მატჩი).

⚽ გასული სეზონიდან ევროთასებზე მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო უფრო მეტ გოლში უშუალო მონაწილეობა (22), ვიდრე რომელუ ლუკაკუმ - 15 (11 გოლი, 4 საგოლე პასი).

⚽ რეალის ბოლო რვა მატჩში როდრიგომ 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 3 საგოლე პასი). ბრაზილიელმა გამარჯვების გოლი გაიტანა ინტერთან პირველ შეხვედრაშიც.

⚽ ედენ აზარს რეალის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუტანია (12 მატჩში).

⚽ ინტერის ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ჩემპიონთა ლიგაზე რეალს ორ სხვა და სხვა გუნდში თამაშის დროს გაუტანა (იუვენტუსში და ბაიერნში). არცერთ მოთამაშეს რეალის კარში გოლი სამი სხვა და სხვა გუნდის მაისურით არ გაუტანია (ჩემპიონთა ლიგაზე).

⚽ რეალის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ხუთჯერვე ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ინტერის ბოლო ხუთ მატში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ რეალი და ინტერი ერთმანეთს მე-17-ედ შეხვდებიან. ბალანსი თანაბარია - 7 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება. კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩიდან 5 მოგება ინტერს, 1 ფრე და 4 წაგება.

⚽ ინტერს რეალთან შინ არასდროს წაუგია. 'სან სიროზე' 7 მატჩიდან 5-ჯერ იტალიელებმა იმარჯვეს და 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 7 ურთიერთშეხვედრაში ფრე არ დაფიქსირებულა. ორჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ორჯერ გაიტანა ორივე გუნდმა.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, დე ვრეი, ბასტონი - ჰაკიმი, ბარელა, გალიარდინი, ვიდალი, იანგი - ლაუტარო მარტინესი, ლუკაკუ
ტრავმა ან კოვიდინფიცირებულები: ვესინო, სენსი, პინამონტი, კოლაროვი, ბროზოვიჩი

რეალი (4-2-3-1): კურტუა - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მენდი - მოდრიჩი, კროოსი - ვასკესი, ედეგორი, აზარი - მარიანო დიასი
ტრავმა ან კოვიდინფიცირებულები: სერხიო რამოსი, ვალვერდე, ბენზემა, ოდრიოსოლა, მილიტაო, იოვიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები