Thumbnail

დავით ხოჭოლავა განაცხადს მიღმა - შახტარი გლადბახთან პრობლემებით ჩადის

  • 27 წლის მცველი შახტარს ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩში ვერ დაეხმარება
  • უკრაინულ გუნდს გლადბახთან სტუმრობა საკადრო პრობლემებით უხდება 

დავით ხოჭოლავა დონეცკის შახტარს გლადბახთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ დახმარება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებიდან უკრაინაში დაბრუნებულ 27 წლის მცველს ტრავმა აქვს, რის გამოც შახტარის მთავარმა მწვრთნელმა ლუის კასტრომ ის მატჩის განაცხადშიც არ შეიყვანა.

უკრაინული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუგური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას 25 ნოემბერს, სტუმრად მიონხენგლადბახში გამართავს. შახტარს B ჯგუფში ჩატარებულ 3 მატჩში თითო მოგება, ფრე და მარცხი აქვს, 4 ქულით მეორე ადგილზეა და დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს რეალს. 

ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაში შახტარის სამივე შეხვედრაში ითამაშა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი მადრიდულ მატჩში გამოუვიდა, რომელიც მისმა გუნდმა სენსაციურად, ანგარიშით 3:2 მოიგო. 

დავით ხოჭოლავამ რეალის ფეხბურთელებს გასაქანი არ მისცა

შახტარი გლადბახთან შეხვედრას მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება. ხოჭოლავას გარდა, განაცხადში სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხვდნენ: ტაისონი, დანტინიო, ისმაილი, ვიკტორ კორნიენკო, ევგენი კონოპლიანკა და ვიკტორ კოვალენკო. ლუის კასტროს გუნდი გერმანიაში 20-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა.

დავით ხოჭოლავა დონეცკის შახტარში მეოთხე სეზონს ატარებს და მასთან ერთად უკრაინის ჩემპიონი 3-ჯერ, 2-ჯერ კი უკრაინის თასის მფლობელი გახდა. მცველს საქართველოს ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 2 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები