Thumbnail

'სასწაული დახვედრა იყო, ბარსელონას ზეიმს ჰგავდა' - ინტერვიუ ხატია ჭყონიასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ისტორიული წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხატია ჭყონიაა. სწორედ მან გაიტანა გამარჯვების გოლი კლუჟის კარში, რომლითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა. დღეს უეფამ 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა ჩაატარა, სადაც ლანჩხუთის მეტოქის ვინაობაც გაირკვა. გიორგი ჩხაიძის გუნდი შვედურ როსენგარდს დაუპირისპირდება და პირველ მატჩს შინ გამართავს. ლანჩხუთის ბომბარდირმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა. ჭყონიამ მომავალი მეტოქე შეაფასა და ლანჩხუთში მოწყობილ საზეიმო დახვედრაზეც ისაუბრა.

POPSPORT: ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში პირველი გოლები გაიტანე, როგორი ემოცია გქონდა?

ხატია ჭყონია: ძალიან მაგარი გრძნობა იყო. ოკჟეტპესთან დუბლი შევასრულე, მაგრამ კლუჟთან გატანილი გოლის მსგავსი ემოცია არასდროს არ მქონია.

POPSPORT: რომელ გუნდთან უფრო გაგიჭირდათ თამაში?

ჭყონია: ყაზახეთში პირველად ვითამაშეთ. ეს ჩვენი პირველი მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე და დაძაბულები ვიყავით. ორივე თამაში რომ შევაჯამოთ, რუმინელები უფრო ძლიერები იყვნენ და მათთან უფრო გაგვიჭირდა.

📺 ჭყონიას გოლი და გამარჯვების ემოციები

POPSPORT: თქვენს მომავალ მეტოქეზე რას იტყვით, სხვა გუნდთან შეხვედრა ხომ არ გსურდათ?

ჭყონია: გვსურდა, რომ ისევ ყაზახურ გუნდთან გვეთამაშა. ერთადერთი, ვოლფსბურგთან შეხვედრა არ გვინდოდა - შარშანდელი ფინალისტია. შვედური როსენგარდი ჩვენს წინა ორ მეტოქეზე ძლიერი გუნდია, თუმცა ვეცდებით, რომ აქაც კარგი შედეგი დავაფიქსიროთ.

POPSPORT: პირველად გიწევთ ორმატჩიანი დუელი...

ჭყონია: ცხადია, ძლიერი გუნდია და ორმატჩიან დუელში კიდევ უფრო გაგვიჭირდება, თუმცა ორი მატჩი შეიძლება საერთოდ დაგვეხმაროს. პირველ მატჩში წნეხის მოხსნისთვის და მეორე შეხვედრაში უკვე თავისუფლად ვითამაშებთ.

POPSPORT: თანაგუნდელებს რა რეაქცია ჰქონდათ მეტოქის გარკვევის შემდეგ?

ჭყონია: გუნდის ჩატი გვაქვს. წილისყრას ვუყურეთ და მერე იქ ვწერდით და ერთმანეთს ვამხნევებდით. გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს და სტიმულს ვაძლევთ. ვიცით, რომ ყველა გუნდთან თამაში და ბრძოლა შეიძლება - განწყობა ფანტასტიკურია.

POPSPORT: ლანჩხუთში მოწყობილ ზეიმზე და დახვედრაზე რა რეაქცია გქონდათ?

ჭყონია: ასეთი რაღაც დიდ გუნდებზე მინახავს - ბარსელონა როცა მოიგებს და დიდ ავტობუსს ხალხი მიაცილებს. ლანჩხუთში სასწაული დახვედრა მოგვიწყვეს. უბრალოდ, ასეთ დახვედრას მართლა არ ველოდი. სულ ფანჯრიდან ვიყურებოდი. ძალიან ბედნიერები ვართ და ამ დახვედრამ დიდი ძალა მოგვცა. გვიხარია, რომ ამდენი ადამიანი გავახარეთ.

POPSPORT: კლუჟთან გოლი ვის მიუძღვენი?

ჭყონია: ჩემი ყველა გოლი ჩემს 5 წლის დისშვილს ეძღვნება, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ეს გოლიც მის ხსოვნას მივუძღვენი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები