Thumbnail

ევრობასკეტის მე-2 საკვალიფიკაციო ფანჯრის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე, ფიბამ მონაწილე ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ოფიციალურ სახეს არ ატარებს, თუმცა, მაინც საინტერესოა, რადგანაც მიმდინარე პერიოდში ძალთა თანაფარდობაზე მეტყველებს.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საგრძნობი პროგრესი აქვს საქართველოს ნაკრებს, რომელმაც კვალიფიკაციის სტარტზე შვეიცარიასა და რაც მთავარია, სერბეთს აჯობა და ვირტუალურ კლასიფიკაციაში 6 პოზიციით დაწინაურდა. ილიას ზუროსის შეგირდები რეიტინგში მე-12 ადგილზე იმყოფებიან და ერთბაშად 20 ევროპულ გუნდს უსწრებენ, მათ შორის, ევროპის მოქმედ ჩემპიონ სლოვენიას, რუსეთს, პოლონეთს, ფინეთს, თურქეთს, მონტენეგროს, უკრაინას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ლატვიასა და სხვებს. ფიბა-ს საიტზე საქართველოს ნაკრების შესახებ ვკითხულობთ:

#12 საქართველო (+6)

მიმდინარე შედეგი: 2-0 (პირველი ადგილი E ჯგუფში)
ევრობასკეტი 2017: ჯგუფური ეტაპი
ფიბას მსოფლიო რეიტინგი: 36-ე
მომდევნო ფანჯრის განრიგი: ფინეთთან და შვეიცარიასთან, ესპოოში (ფინეთი)

მომავალ მატჩებში ილიას ზუროსის განკარგულებაში თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი იქნებიან, თუმცა, საქართველოს საუკეთესო ნაკრები მაინც ვერ ეყოლება, რადგანაც რატი ანდრონიკაშვილი, გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე აკლია. საქართველოში კალათბურთი ისედაც ძალიან უყვართ და თუკი მოახლოებული თამაშების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს ბალანსი 4:0-ზე ექნა, პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ცნობისთვის, მე-2 საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრების მეტოქეებს – ფინეთსა და შვეიცარიას რეიტინგში, შესაბამისად, მე-17 და 28-ე ადგილები უკავიათ, ჩვენი ჯგუფის ფავორიტად კი მაინც სერბეთი რჩება, რომელიც მე-6 საფეხურზეა. სრული კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

1 (+9). საბერძნეთი, 2 (0). საფრანგეთი, 3 (-2). ესპანეთი, 4 (0). ლიტვა, 5 (+1). იტალია, 6 (-3). სერბეთი, 7 (-2). გერმანია, 8 (0). ჩეხეთი, 9 (+8). ბელგია, 10 (+2). ხორვატია, 11 (+5). ისრაელი, 12 (+6). საქართველო, 13 (-6). რუსეთი, 14 (0). სლოვენია, 15 (0). პოლონეთი, 16 (+3). უნგრეთი, 17 (+3). ფინეთი, 18 (-9). თურქეთი, 19 (+7). ესტონეთი, 20 (-7). მონტენეგრო, 21 (+7). დიდი ბრიტანეთი, 22 (+1). უკრაინა, 23 (-2). ნიდერლანდები, 24 (-2). შვედეთი, 25 (-1). ბოსნია-ჰერცეგოვინა, 26 (-1). ბულგარეთი, 27 (-16). ლატვია, 28 (+2). შვეიცარია, 29 (0). ჩრდილოეთ მაკედონია, 30 (+2). ავსტრია, 31 (0). რუმინეთი, 32 (-5). დანია.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთში სწორედ დღეს გაემგზავრა და მასპინძლების წინააღმდეგ თამაში 28-ში მოუწევს, 30-ში კი, შვეიცარიასთან თამაშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, თუმცა, მაინც სასიამოვნოა, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე დამარცხებული ჰყავთ ხსენებული შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და E ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები