Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ბექა გორგაძე “შემოდგომის ერთა თასის” მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ “ბორჯღალოსნებმა” უელსთან თამაშიც ნულზე წააგეს, დასაფასებელი და მოულოდნელი ფაქტია. გორგაძე საუკეთესოთა შორის ცნობილმა სარაგბო ვებ-გვერდმა Planetrugby შეიყვანა, რომელმაც ქართველ მორაგბეს მოკლე დახასიათებაც დაურთო:

"უელსელთა 8 ნომერმა აარონ ვეინრაითმა და ინგლისელმა ბილი ვუნიპოლამ ასევე შთამბეჭდავად ითამაშეს, თუმცა, ჩვენი არჩევანი ბექა გორგაძეზე შეჩერდა, რომლის ნაკრებიც სწორედ უელსს ეთამაშებოდა. ქართველმა მორაგბემ ბურთის 11 წაღებაზე 74 მეტრი მოიგო და აქტივში 13 ბოჭვაც ჰქონდა”.

ცნობისთვის, უელსის ნაკრებიდან სიმბოლურ გუნდში 2 მორაგბე მოხვდა, ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი, ერთბაშად – 8, ინგლისს ჰყავს. სრულად საუკეთესო XV ასე გამოიყურება.

15. ტომა რამოსი (საფრანგეთი), 14. ბლეირ კინგჰორნი (შოტლანდია), 13. ვირიმი ვაკატავა (საფრანგეთი), 12. ჯონი ვილიამსი (უელსი), 11. ჯონი მეი (ინგლისი), 10. კალუმ შიდი (უელსი), 9. ბენ იანგსი (ინგლისი), 8. ბექა გორგაძე (საქართველო), 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი), 6. ტომ ქარი (ინგლისი), 5. ჯო ლანჩბერი (ინგლისი), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 3. კაილ სინკლერი (ინგლისი), 2. კამილ შა (საფრანგეთი), 1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი).

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა “შემოდგომის ერთა თასის” სასტარტო შეხვედრაში ინგლისში 0:40 წააგეს, უელსთან აღნიშნულ თამაშში 0:18 დამარცხდნენ, 29 ნოემბერს კი ირლანდიასთან ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი ელით.

📺 უელსი 18:0 საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები