Thumbnail

ისტორიული 99 ქულა - ნოდო კოდუა საქართველოს დრიფტის ჩემპიონია

  • საქართველოს დრიფტის სერიები დასრულდა
  • ფინალური ეტაპი ნოდო კოდუამ მოიგო
  • ერთ-ერთი გავლისას მან 99 ქულა მიიღო

საქართველოს დრიფტის სერიები (იგივე ჩემპიონატი) ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა. მესამე, ფინალური ეტაპი მახათას მთის ტერიტორიაზე გაიმართა და მასში 10 პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა.

ერთ-ერთი გავლისას კოდუამ 99 ქულა მიიღო
📸 | სოსო გახოკია

ბოლო ეტაპის წინ ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკიდურესად დაძაბული იყო, რადგან სამ სპორტსმენს თითქმის თანაბარი ქულები ჰქონდათ. ფინალურ დაპირისპირებაში ნოდო კოდუამ თავის მწვრთნელ მევლუდ მელაძეს არაფერი დაუთმო და დამაჯერებელი ჩემპიონობა მოიპოვა. გარდა ამისა, კოდუამ ერთ-ერთი გავლისას საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის ისტორიაში უპრეცედენტო შეფასება, 99 ქულა (თითქმის იდეალური) მიიღო. მესამე ეტაპის ბრინჯაო გუგა კირვალიძემ დაისაკუთრა, რადგან ჩემპიონატის ერთ ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ხეროდინაშვილმა მანქანის გამართვა ვეღარ მოახერხა და შეჯიბრს ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეთიშა.

საერთო ჯამში ჩემპიონატის ლიდერთა სამეული ესე გამოიყურება: 

1. ნოდო კოდუა - 268 ქულა 
2. მევლუდ მელაძე - 244 ქულა 
3. ალექსანდრე ხეროდინაშვილი - 227 ქულა

დრიფტი ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მიმართულებაა, რომელსაც სტაბილურად მაყურებლის დიდი რაოდენობა ესწრება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მაყურებელი დაშვებული იყო და მახათის მთის მიმდებარე ტერიტორია თითქმის შეივსო.

კოდუამ მევლუდ მელაძეს აჯობა, რომელიც მისი მწვრთნელია
📸 | სოსო გახოკია

ფეისბუქ გვერდებზე Georgian Drift Series და Georgian Automobile Sport Federation ღონისძიების Live-ტრანსლაცია მიმდინარეობდა, რომელსაც საერთო ჯამში 100 000 მდე მაყურებელმა მიადევნა თვალი. შეჯიბრება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით და „BMW Club Georgia“-ს ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მიზანია, აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები, მოუწოდოს და მოიზიდოს ასეთი რბოლების მსურველები უსაფრთხო ტერიტორიებზე და შეჯიბრებზე. ღონისძიების გენერალური სპონსორია სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია, რომელიც გამარჯვებულებს სოლიდურ პრიზებს გადასცემს: 1 ადგილი – 500 ლ, 2 ადგილი – 300 ლ, 3 ადგილი – 200 ლ საწვავი.

კომენტარები

ბოლო ამბები