Thumbnail
  • ბრაზილიელის აზრით, რუსეთში უძლიერესი მისი ნაკრები იქნება
  • ნეიმარი ყველაზე მეტს კოუტინიოსა და ჟეზუშისგან მოელის 

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა კარს მომდგარი მუნდიალის მთავარ ვარსკვლავებზე ილაპარაკა. 

პსჟ-ის ფორვარდის აზრით, რუსეთში ამ ზაფხულს გასამართ ტურნირზე ყველაზე ძლიერი მისი ნაკრები იქნება - ბრაზილია. რაც შეეხებათ მოთამაშეებს, ნეიმარმა რჩეულთა შორის ორი თანამემამულე დაასახელა.

მომავალი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელებზე საუბრისას, ნეიმარმა არც კრიშტიანო რონალდო ახსენა და არც ლიონელ მესი.

"მსოფლიოს ჩემპიონატზე პლანეტის საუკეთესო მოთამაშეები შეიკრიბებიან, მაგრამ ჩემი აზრით, ფილიპე კოუტინიო და გაბრიელ ჟეზუში ის ფეხბურთელები არიან, რომელთა თამაშს შედეგებზე ყველაზე დიდი გავლენა ექნება. იმედი მაქვს, ასეც მოხდება.

აღსანიშნავია მოჰამედ სალაჰიც. მართალია, ის ფავორიტ ნაკრებს არ წარმოადგენს, მაგრამ მგონია, რომ ამ ტურნირზე გაიბრწყინებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე მაღალი კლასის სხვა მოთამაშეებიც იქნებიან - ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი და ლუის სუარესი.

ბედნიერი ვარ, რომ მუნდიალზე უძლიერეს გუნდს წარმოვადგენ. იმედი მაქვს, რომ ტურნირზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელი შეძლებს თავის წარმოჩენას, გარდა ბრაზილიასთან მატჩისა", - აქვეყნებს ბრაზილიელის ნათქვამს ჩინური საინფორმაციო სააგენტო Xinhua.

26 წლის ნეიმარი მარტის დასაწყისში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და ვარჯიშს სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისს დაიწყება. 

ბრაზილიის ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად შვეიცარია, კოსტა რიკა და სერბეთი ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები