Thumbnail

ფინეთის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სასუ სალინი ევრობასკეტი 2022-ის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსთან მატჩს გამოეხმაურა და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი გიორგი შერმადინის ფაქტორს. ეს გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგანაც ფინელი და ქართველი კალათბურთელები ესპანურ იბეროსტარ ტენერიფეში თანაგუნდელები არიან და სალინი შერმადინის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. სასუმ ხუმრობით იმ ხერხზეც ისაუბრა, რომლითაც ქართველი ცენტრის შეჩერებას აპირებს.

“შერმინატორი” ფარქვეშ ძალიან ძლიერია და მისი შეჩერება ყველას უჭირს. მან მითხრა, რომ ნაკრებში ჩამოსვლას ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელიაც აპირებს, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ სამწამიან ზონაში დიდი ძალა ეყოლებათ. როგორც არ უნდა იყოს, საქართველო ძალიან კარგი გუნდია და ეს, სერბეთთან მატჩშიც გამოჩნდა. თუმცა, შერმადინის შეჩერების საშუალებაზე უკვე ნაფიქრი მაქვს. იქნებ სასტუმროში ყოფნისას საჭმელში რამე ჩავუყარო. მას საკმაოდ მგრძნობიარე მუცელი აქვს და მგონი ეს გვიშველის”.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის E ჯგუფში, ნოემბრის საკვალიფიკაციო თამაშებს, ე.წ. “ბაბლის” პრინციპით სწორედ ფინეთის ქალაქ ესპოო უმასპინძლებს და კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრები მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფინეთში შემოღებული ახალი რეგულაციების თანახმად, 20-ზე მეტი ადამიანის თავყრილობა აიკრძალა. არადა, ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდული იყო.

ფინეთში მატჩები ცარიელ დარბაზში ჩატარდება

საქართველოს ნაკრები ფინეთში 24 ნოემბერს გაემგზავრება და მასპინძლების წინააღმდეგ თამაში 28-ში მოუწევს, 30-ში კი, შვეიცარიასთან თამაშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლინს რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, თუმცა, მაინც სასიამოვნოა, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე დამარცხებული ჰყავთ ხსენებული შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და პირველ ადგილზე იმყოფებიან.

თავის მხრივ, ფინეთი შინ სერბეთთან განადგურდა (58:80) და შვეიცარიას (69:64) აჯობა და მომავალ თამაშებში წარმატება ძალიან სჭირდება. სწორედ ამიტომ, ფინელთა მთავარი მწვრთნელი ჰენრიკ დეტმანი ყველანაირად ცდილობდა, ნაკრებში ჩამოსვლაზე NBA-ს ვარსკვლავი ლაური მარკანენიც ჩაეყვანა, თუმცა, ჩიკაგო ბულსთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამდენად, ფინელთა განაცხადში შემდეგი კალათბურთელები დარჩნენ:

მიკო კოივისტო (ვილპასი), შონ ჰაფი, მაქს ბესელინკი (ორივე – ჰელსინკი), სასუ სალინი (ტენერიფე, ესპანეთი), პეტერი კოპონენი (ბაიერნი, გერმანია), მატი ნუუტინენი (ურა ბასკეტი), ჰენრი კანტონენი, ილარი სეპალა (ორივე – აიქს-მორენე, საფრანგეთი), ელიას ვალტონენი (ტუბინგენი, გერმანია), ალექსანდერ მადსენი (ვეფ, ლატვია), ედონ მაქსჰუნი (პიარნუ, ესტონეთი), კარლ ლინდბომი (ოსტრუვი, პოლონეთი), ააპელი ალანენი, ჯამარ ვილსონი (ორივე – კატაია), დანიელ დოლენცი (სვანდ გმუნდენი, ავსტრია), რემუ რაიტანენი (კობრატი).

მომავალი მატჩების შესახებ ჰენრიკ დეტმანმა შემდეგი კომენტარი გაკეთა: “მხოლოდ 5 დღე გვაქვს, რათა პრინციპული მატჩებისთვის მომზადება მოვახერხოთ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის სათავეში სრულიად დამსახურებულად იმყოფება, სერბეთი კი ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებთა შორისაა. ამდენად, ძალიან რთული 2 შეხვედრა გველის”.

კომენტარები

ბოლო ამბები