Thumbnail
  • არსენალს გოლის გატანა ძალიან უჭირს და ანტირეკორდებს ამყარებს
  • ლიდსთან შეხვედრაში ნიკოლა პეპემ წითელი ბარათი მიიღო
  • არტეტა პეპეს აკრიტიკებს და შეტევაში პრობლემებზე საუბრობს

ლონდონის არსენალმა მორიგი უგოლო შეხვედრა ლიდსთან ჩაატარა (0:0). ამ სეზონში არსენალს პირველი 9 ტურის შემდეგ მხოლოდ 9 გოლი აქვს გატანილი და ეს 1986-87 წლების სეზონის შემდეგ, კლუბის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. უფრო უარესი ის არის, რომ თამაშიდან ლონდონელებს გოლები თითქმის ვერ გააქვთ - 800 წუთია, არსენალს გოლი თამაშიდან არ გაუტანია.

გოლების ნაკლებობა, ბუნებრივია, აისახება ქულებზეც. არსენალს მხოლოდ 9 ქულა აქვს და ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 25 წელიწადში. ეს ძალიან უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ არსენალის საუკეთესო მოთამაშეები სწორედ წინა ხაზში თამაშობენ. ლონდონელებს შეტევაში ობამეიანგი, ლაკაზეტი და ვილიანი ყავთ. თავის მხრივ, არტეტაც, როგორც გვარდიოლას მოწაფე, პირველ რიგში, სწორედ შეტევაში თამაშის გამოსასწორებლად მიიყვანეს.

ლიდსთან შეხვედრა ტენდენციის გაგრძელება იყო. ბიელსას გუნდმა მეტოქის კარისკენ 20-ზე მეტჯერ დაარტყა და არსენალი სამჯერ მხოლოდ ძელმა იხსნა. მატჩის შემდეგ არტეტამ ცუდ თამაშში ნიკოლა პეპე დაადანაშაულა, რომელმაც მეტოქეს თავი ჩაარტყა და თავისი გუნდი ათი კაცით დატოვა.

მიკელ არტეტა: "ფრე არასოდეს მომწონს, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს კარგი შედეგია. ნიკოლა პეპემ, რაც გააკეთა, მიუღებელია. ასე მოქცევა ამ დონეზე არ შეიძლება. ათი კაცით თამაში მეტოქისთვის დიდ უპირატესობას ნიშნავს. პრობლემა ის არის, რომ გოლები ვერ გაგვაქვს. გოლის გარეშე თამაშის მოგება შეუძლებელია. მეტი მომენტები უნდა შევქმნათ".

არტეტამ და გუნდის კაპიტანმა ჰექტორ ბელერინმა ისიც აღნიშნეს, რომ თამაშის შემდეგ გასახდელში დიდი გარჩევა იყო, თუმცა მათ ამ საკითხზე დეტალური კომენტარი არ გააკეთეს.

ბელერინი: "ასეთი ამბები გასახდელში რჩება. თამაშის შემდეგ ყველას ბევრი ადრენალინი აქვს".

კომენტარები

ბოლო ამბები