Thumbnail
  • ნაპოლი 1:3 მილანი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირველ 6 თამაშში 9 გოლი შეაგდო
  • ზედიზედ 6 მატჩში გოლი სერია A-ს რეკორდის გამეორებაა
  • დიდი ალბათობით, 39 წლის შვედი რამდენიმე კვირა დაისვენებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი წლევანდელი სერია A-ს მთავარი ამბავია. 39 წლის შვედმა მარტომ მოახერხა კრიზისული მილანის ჩემპიონობის პრეტენდენტად გარდაქმნა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში იბრამ ნაპოლის ორჯერ გაუტანა და 6 თამაშში 9 გატანილი გოლი დააგროვა.

ამ შედეგით მან გაიმეორა გაბრიელ ბატისტუტას (1994-1995), კრისტიან ვიერის (2002-2003) და კშიშტოფ პიონტეკის (2018-2019) შედეგი, რომელთაც მის მსგავსად, სერია A-ს პირველ 6 თამაშში ასევე ზედიზედ მოახერხეს გოლების გატანა.

მილანისთის უფრო ცუდი ამბავი ის არის, რომ მატჩის ბოლოს იბრამ ფეხი იტკინა. გარეგნულად ეს ძალიან გავდა ბარძაყის კუნთის ტრავმას. იბრამ ფეხი სირბილის დროს იტკინა, როცა სხვა მოთამაშესთან კონტაქტი არ ჰქონია. ამ ტიპის ტრავმების სწორედ ასეთ სიტუაციაში იღებენ ხოლმე. თუ ეს ვარაუდი დადასტურდა, მას სავარაუდოდ 2-4 კვირა მოუწევს დასვენება. 

მილანისთის ეს მძიმე დანაკლისი იქნება, რადგან უახლოეს ერთ თვეში "როსონერის" 9 თამაშის ჩატარება უწევს. ტრავმის სირთულეს უახლოესი დღეების ტესტები დაადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები