Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 9-დან 2 ტყორცნა გამოიყენა
  • თოკოს მადრიდის რეალთან მატჩი ელის, შემდეგ კი ნაკრებს შეუერთდება

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB-ლიგის მორიგ ტურში პერმში პარმას დიდი ანგარიშით – 95:61 სძლია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი დიდად გამორჩეული არ ყოფილა.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 17:51 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი  ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 1 გახლდათ, რაც მოსკოვური კლუბის შემადგენლობაში მე-11 (!) მაჩვენებელი იყო.

ცსკას 7 მატჩში 5 მოგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი უკვე 12 დეკემბერს, ბელარუსში, ცმოკი-მინსკთან ჩაატარებს. სამაგიეროდ, ევროლიგის ეგიდით რუსული გრანდი 26 ნოემბერს, შინ, მადრიდის რეალს ეთამაშება, რის შემდეგაც შენგელია ფინეთში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებში ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები