Thumbnail

პიკეს ტრავმა მძიმეა - ბარსელონას იანვარში მცველის ყიდვა მოუწევს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟერარდ პიკემ შესაძლოა, 6 თვე ვერ ითამაშოს
  • ბარსელონას სერხი რობერტოც გამოაკლდა

ბარსელონას ცენტრალური მცველის ჟერარდ პიკეს ტრავმა სერიოზული გამოდგა. ესპანელმა ფეხბურთელმა დაზიანება გუშინ მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩში მიიღო და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ პიკეს მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და მოედანზე გასვლას დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს. ზუსტი პერიოდი, რომელიც მას გაუცდება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ამ ხარისხის ტრავმების მაგალითებით შეიძლება ვარაუდი, რომ ბარსას პიკეს გარეშე თამაში დიდი ხანი მოუწევს.

📺 ატლეტიკო 1:0 ბარსელონა [მიმოხილვა]

რონალდ კუმანისთვის ეს დამატებითი პრობლემაა. ამჟამად ტრავმები აქვთ სამუელ უმტიტისა და რონალდ არაუხოს, ამდენად, ნიდერლანდელი სპეციალისტის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი დარჩა - კლემენ ლენგლე. სავარაუდოა, რომ ამ გამოუვალ სიტუაციაში კუმანი დახმარებისთვის ფრენკი დე იონგს მიმართავს, რომელსაც ცენტრალური პოზიციის თამაშის გამოცდილება გააჩნია.

პიკეს გარდა, ატლეტიკოსთან სერხი რობერტოც დაშავდა და მისი ტრავმაც სერიოზული გამოდგა. დიდი ალბათობით, ესპანელი ფეხბურთელი 2 თვე ვერ ითამაშებს.

ბარსელონამ მადრიდში ატლეტიკოსთან 0:1 წააგო და 8 მატჩის შემდეგ მხოლოდ 11 ქულა აქვს მოპოვებული. "ბლაუგრანას" ლა ლიგაში ასეთი ცუდი სტარტი ბოლო 29 წლის განმავლობაში არ ჰქონია.

კომენტარები

ბოლო ამბები