Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები ნოემბრის მიწურულს ფინეთისა და შვეიცარიის ნაკრებებს ეთამაშებიან, ჩვენი ეროვნული გუნდი კი სხვადასხვა მიზეზთა გამო, არაერთ მოთამაშეს მოისაკლისებს.

“სამწუხაროდ, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ბევრი მოთამაშე გვაკლია. ზოგი კალათბურთელი დაშავებულია, ზოგს კი, სხვადასხვა რეგულაციების გამო, ნაკრებში ჩამოსვლა არ შეუძლია. ე.წ. “ბაბლში” თამაში პირველად გვიწევს, ასე რომ, ზუსტად არც ვიცით, რას უნდა ველოდეთ. ასეთი პრაქტიკა უკვე იყო NBA-ში. ცნობილია, რომ ერთზე მეტ დარბაზს ვერ გამოვიყენებთ და ვარჯიშისთვისაც ცოტა დრო გვექნება გამოყოფილი.

ამჯერად, ვერ დაგვეხმარება გიორგი ცინცაძე, რომელსაც 18 წლის განმავლობაში სანაკრებო მატჩები არასდროს გამოუტოვებია. ვერ ითამაშებენ დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მიშა ბერიშვილი... კარგი ისაა, რომ თოკო შენგელია ჩამოდის, რომელიც ყოველთვის მზადაა ნაკრებს დაეხმაროს. ის თამაშამდე 1 დღით ადრე შემოგვიერთდება და ეცდება, გუნდთან მომზადების გარეშეც კი, მაქსიმუმი გაიღოს.

ამ ექვს საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ევრობასკეტამდე გვაქვს, ვცდილობთ, ახალი მოთამაშეები გამოვცადოთ და ისინი უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის მოვამზადოთ. ცხადია, შედეგზეც ვფიქრობთ, თუმცა, არა – პირველ რიგში. რადგან ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულები ვართ, ეს პატარა ექსპერიმენტების ჩასატარებლად საუკეთესო დროა. იგივე პირველი ფანჯრის დროს კორსანტიას, ანდრონიკაშვილსა და ტურძელაძეს მეტი სათამაშო დრო მიეცათ.

ილიას ზუროსი თბილისში შვეიცარიასთან მატჩისას

ახლაც გვყავს ახალი მოთამაშეები: ბულაშვილი, ფევაძე, ზაქრაძე, ბაქრაძე. გამოცდილი კალათბურთელების არყოფნაში მათ თამაში აუცილებლად მოუწევთ. არადა, მათთვის პირდაპირ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა რთული იქნება, რადგანაც ჩვენს სისტემას კარგად არ იცნობენ. ჩემი ფილისოფია კი იციან, მოვიგებთ თუ წავაგებთ, მთავარია, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ. ფინეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს. მხოლოდ 3 დღე მოვემზადებით, რაც ძალიან ცოტაა გუნდური თამაშის სასურველ დონეზე გასამართად.

აუცილებლად იქნება კარგი და ცუდი მომენტები. წინა ფანჯრის დროს კარგი მომენტი გვქონდა, როდესაც სერბეთი მათსავე მოედანზე, სავსე ტრიბუნების წინაშე დავამარცხეთ. ეს დიდი გამარჯვება იყო ჩვენი გუნდისთვისა და ქვეყნისთვის, თუმცა, არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ. ახალ კალათბურთელებს შანსი ექნებათ გაიხსნენ და მომავლის იმედი მოგვცენ. არადა, სხვა ნაკრებებს ძირითადად ის ბიჭები ეყოლებათ, რომლებიც წინა მატჩებში თამაშობდნენ და უფრო შეთამაშებულებიც იქნებიან. მინდა გითხრათ, რომ შვეიცარიაც საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, არადა, ეს ბევრს არ სჯერა. ბევრ სამქულიანებს აგდებენ და თავისზე ძლიერებიც დაუმარცხებიათ. ამიტომ, იოლი თამაში არავისთან იქნება.

წარსულიდან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, როდესაც ნაკრებები 2-3 წლის განმავლობაში მხოლოდ მოთამაშეების აღზრდით იყვნენ დაკავებულნი და მათ შედეგი არ ადარდებდათ. შემდეგ კი, შედეგიც მიიღეს. ეს პროცედურა უკვე ჩვენც დავიწყეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ახალ მოთამაშეებს ვიმატებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიქტორ სანიკიძემ, ზაზა ფაჩულიამა და მანუჩარ მარკოიშვილმა კარიერა დაასრულეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შემადგენლობიდან დიდი სახელები გვაკლია.

ბოლოს მინდა ყველა ქართველს მივმართო და ვთხოვო, არსებული რეგულაციები დაიცვან, რადგანაც ახლა მსოფლიოსთვის გადამწყვეტი პერიოდია. მჯერა, ეს კრიზისი მალე დასრულდება და ყველა დაუბრუნება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ძალიან მალე ევრობასკეტიც მოვა, რომელიც თბილისში გაიმართება და დარბაზი ჩვენი ქომაგებით გაივსება. ყველა გულშემატკივარს ექნება საშუალება კალათბურთით ისიამოვნოს”.

საქართველოს ნაკრები სუპერლიგის 8 მოთამაშით ფინეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით, 24 ნოემბერს, 11:30 საათზე გაფრინდება. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში, 18:00 საათზე შვეიცარიას შეხვდება. ორივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს. 

კომენტარები

ბოლო ამბები