Thumbnail
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიგო
  • საქართველო გუნდურ საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა

პრაღაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, სადაც თერთმეტმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, საიდანაც ექვსმა მედლის აღება შეძლო. სამწუხაროდ, მედლის გარეშე ლუხუმ ჩხვიმიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და ეთერ ლიპარტელიანი დარჩნენ.

მეორე საჭიდაო დღეს საქართველომ 3 მედალი მოიგო. 73-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ფინალი დათმო. მან ბრძოლა მოლდოველ სტერეპუსთან დათმო.

81-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, საქართველომ ერთადერთი ოქროს მედალი მოიგო. ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს აჯობა, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტი დაამარცხა.

ლუკა მაისურაძე V ფრენკ დე ვიტი

ტატო გრიგალაშვილი V ივაილო ივანოვი

ბოლო დღეს მედალს სამი ძიუდოისტი დაეუფლა, თუმცა ამან ქართველი ქომაგი დიდად ვერ გაახარა, რადგანაც 4 ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში იყო გასული და ოთხივემ ნახევარფინალური ორთაბრძოლები დათმო.

90-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა ნახევარფინალი ნემანია მაიდოვთან ბოლო წამებზე დათმო, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სამწუხაროდ, 100-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ხორხე ფონსეკასთან დამარცხდა. მძიმე წონაში გურამ თუშიშვილმა ლუკაშ კრპალეკს აჯობა და ბრინჯოს მედალი მოიპოვა, ხოლო ლევან მატიაშვილმა ასევე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში შტეფან ჰეგი დაამარცხა.

გურამ თუშიშვილი V ლუკაშ კრპალეკი

ლევან მატიაშვილი V შტეფან ჰეგი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველ ძიუდოისტებს მხოლოდ ფრანგებმა და რუსებმა გაასწრეს, ხოლო ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-2 ადგილზე გავიდა.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 6 მედლით დაასრულა: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო

ევროპული თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი უმედლოდ დარჩა

ტატო გრიგალაშვილმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მე-4 მედალი მოიგო. მას კარიერაში 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აქვს

ლუკა მაისურაძეს დიდ ფორუმებზე უკვე 3 მედალი აქვს და სამივე ბრინჯაოსი

ბექა ღვინიაშვილს ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული

ვარლამ ლიპარტელიანს ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი აქვს მოგებული. სამწუხაროდ, ნაკრების კაპიტანმა მედლის მოგება ვერ შეძლო, თორემ ეს მედალი ევროპის ჩემპიონატებზე მე-10 იქნებოდა

ლევან მატიაშვილს ევროპის ჩემპიონატებზე 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული

გურამ თუშიშვილს ევროპის ჩემპიონატებზე 3 მედალი აქვს მოგებული - 2 ოქრო და ერთი ბრინჯაო

2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მედალი ვერ მოიპოვა

კომენტარები

ბოლო ამბები