Thumbnail

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი თამაში გაიმართა! საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში დინამო ბათუმმა ახალ საშინაო არენაზე პირველად გორის დილას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

ახალ არენაზე პირველი მატჩის წინ

მატჩის საწყისმა წუთებმა დაბალ ტემპში ჩაიარა და თამაშს დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა. პირველი სახიფათო მომენტი კი 32-ე წუთზე შეიქმნა. გიული მანჯგალაძე ახლო მანძილიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ გიორგი ჩოჩიშვილმა შესანიშნავად ითამაშა და დილა გადაარჩინა. მე-40 წუთზე კი ჯაბა ჯიღაურს ანგარიშის გასახსნელად იდეალური შანსი ჰქონდა - პენალტი დაინიშნა ბათუმელთა სასარგებლოდ, რომელიც ჯიღაურმა ვერ გაიტანა, ჩოჩიშვილი კვლავ შესანიშნავი იყო და დარტყმა მოიგერია.

მე-2 ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დილაც თავის დაცვას კარგად ახერხებდა. 68-ე წუთზე კი ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გოლი გავიდა, რომლის ავტორი მასპინძელთა ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე გახდა. ვაგნერ გონსალვეშმა კუთხური ჩააწოდა, ნიქაბაძემ მეორე სართულზე ყვალს აჯობა და ასე დაიწყო ბათუმის ახალ არენაზე გოლების ათვლა.

ახალ არენაზე სადებიუტო გოლის ავტორი გიორგი ნიქაბაძე გახდა

აჭარლებმა ანგარიში მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს. თუმცა, დილამ სცადა გათანაბრება. ერთ ეპიზოდში გორელებს ორი მაგარი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ბათუმელთა კაპიტანმა მიხეილ ალავიძემ გაიბრწყინა და ორი რთული ბურთი მოიგერია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე დილას მცველმა რამარიკ ეტოუმ გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი გაუქმდა. შედეგად, დინამო ბათუმმა გიორგი ნიქაბაძის გოლით 1:0 მოიგო.

დინამო ბათუმს 14 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდი ლიდერ დინამო თბილისს 2 ქულით ჩამორჩება და საჩემპიონო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დილა 16 მატჩში მოპოვებული 24 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

დინამო ბათუმი მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, ისევ "ბათუმი არენაზე" გამართავს და მე-14 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს. გორის დილა კი 30 ნოემბერს, შინ თბილისის საბურთალოს დაუპირისპირდება.

📺 დინამო ბათუმი V დილა

დინამო ბათუმი 1:0 დილა

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (68)

დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე - მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე - გაფრინდაშვილი (63. ვაგნერი), ნიქაბაძე (90. ცინცაძე), ჯიღაური (75. შერგელაშვილი)

დილა (3-5-2): ჩოჩიშვილი - იენდეუნტი, ხურცილავა, ეტოუ - სანტოსი, ჩიტეიშვილი (53. სპანდერაშვილი), გაგნიძე, ცეცხლაძე (89. ჭანტურია), ლაცაბიძე -კოენი (58. ლექვთაძე), კოვტალიუკი.

კომენტარები

ბოლო ამბები