Thumbnail
  • 📅 22 ნოემბერი | ⌚ 23:45 | ⚽ ნაპოლი V მილანი
  • მილანი შესანიშნავ ფორმაშია და სერია A-ში 19 მატჩია არ წაუგია
  • ნაპოლი სერია A-ში მილანთან 2014 წლის შემდეგ არ დამარცხებულა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

სანაკრებო პაუზის შემდეგ იტალიის სერია A მერვე ტურით განახლდება და მთავარი მატჩი კვირას ნეაპოლში გაიმართება. ნაპოლი მილანს უმასპინძლებს და ამ გუნდების დუელი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ახლა განსაკუთრებულად, რადგან ორივემ სეზონი მაგრად დაიწყო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნაპოლი
  • ფრე
  • მილანი

მილანს სერია A-ში 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ სეზონში 17 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ნაპოლისაც შესანიშნავი სტარტი აქვს, 7 ტურში 14 ქულა მოიპოვა. უფრო სწორად 15, მაგრამ იუვენტუსთან თამაშზე გამოუცხადებლობის გამო 1 ქულა დააკლეს და თან იმ კონკრეტულ შეხვედრაში ტექნიკური წაგებაც ჩაუთვალეს. ამგვარად, რომ არა სასუოლოსთან მოულოდნელი საშინაო მარცხი, ნეაპოლიტანელებს სერია A-ში ყველა მატჩი მოგებული ექნებოდათ.

კიდევ ერთი ინტრიგა ჯენარო გატუზოა - მილანის ლეგენდარული ნახევარმცველი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი. გატუზო, უპირველეს ყოვლისა, შავ-წითლებთან ასოცირდება, მაგრამ უკვე მე-2 სეზონია ნაპოლის თავკაცობს და ახლა ყოფილი გუნდის ძლევით შეუძლია "სკუდეტოზე" კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი.

აღსანიშნავია, რომ მილანს ნაპოლისთან ძალიან უჭირს. კონკრეტულად სერია A-ში "როსონერის" ნეაპოლურ გუნდთან ბოლო 11 თამაში არ მოუგია და უკანასკნელად მისი დამარცხება 2014 წელს მოახერხა. ამ პერიოდში ეს გუნდები ერთხელ იტალიის თასზე შეხვდნენ და მაშინ მილანმა 2:0 სძლია მეტოქეს, მაგრამ ეს სათასო დაპირისპირება იყო, როგორ გითხარით, სერია A-ში ნაპოლის მილანთან 6 წელია არ წაუგია!

ზლატანი ასაკის მიუხედავად საოცარ ფორმაშია და ბომბარდირთა დავას ლიდერობს

მილანს ამ შეხვედრაში პორტუგალიელი შემტევი რაფაელ ლეაო დააკლდება, რომელიც სანაკრებო პაუზის დროს დაშავდა. ნაპოლის კი ნიგერიის ნაკრებში დაშავებული ვიქტორ ოსიმენი გამოაკლდა. მის გარდა, მოედანზე ვერც დავიდ ოსპინა გავა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ნაპოლის სერია A-ში მილანის წინააღმდეგ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 5 ფრე).

⚽ ბოლო გუნდი, რომელიც იტალიის ჩემპიონატში მილანთან ზედიზედ 12 შეხვედრაში არ დამარცხებულა, ისევ ნაპოლი იყო  -1974 წლის აპრილიდან 1979 წლის დეკემბრამდე.

⚽ მილანმა 21-ე საუკუნეში ნეაპოლში სერია A-ში გამართული 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (6 ფრე, 7 წაგება). ეს იყო 2010 წლის ოქტომბერში, როდესაც როსონერის მხრიდან რობინიომ და იბრაჰიმოვიჩმა გაიტანეს, ხოლო ნეაპოლელთაგან პრესტიჟის გოლი ლავეცის ანგარიშზეა.

⚽ ნაპოლის ბოლო ორი საშინაო თამაში წაგებული აქვს - ალკმაარსა და სასუოლოსთან. 2012 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც გუნდს ვალტერ მაცარი წვრთნიდა, მილანს მიჯრით 3 საშინაო შეხვედრა არ წაუგია.

⚽ მილანი სტუმრად ბოლო 14 მატჩში არ დამარცხებულა (9 მოგება, 5 ფრე). ასეთი კარგი სერია "როსონერის" 2004 წლის თებერვლის შემდეგ პირველად აქვს. მაშინ კარლო ანჩელოტის გუნდმა სტუმრად ზედიზედ 15 თამაში არ წააგო.

⚽ მილანი არის გუნდი, რომელმაც ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმო მოედნის შიგნიდან (16 გოლი), ხოლო ნაპოლიმ პირიქით - ყველაზე ცოტა გაიტანა მოედნის ამ ნაწილიდან (4).

⚽ ნაპოლი (19) და მილანი (17) საშუალოდ კარის მიმართულებით იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტჯერ ურტყამენ. TOP5 ჩემპიონატში ნეაპოლელები ამ კომპონენტში ლიდერები არიან, ხოლო ლომბარდიელები მე-4 ადგილს იკავებენ, ნაპოლის (19), ლიონისა (18) და ლაიპციგის (17.7) შემდეგ.

⚽ მხოლოდ სპეციას აქვს ამ სეზონში უფრო მეტი გოლი გაშვებული (7) სტანდარტული ვითარებიდან, ვიდრე მილანს (6). მას შემდეგ, რაც შავ-წითლებს სტეფანო პიოლი წვრთნის, სერია A-ს 38 თამაშში 17 გოლი გაუშვეს სტანდარტული მდგომარეობიდან, ზუსტად იმდენი, რამდენიც ჯენარო გატუზოს თავკაცობის დროს 62 მატჩში.

⚽ ჯენარო გატუზომ ფეხბურთელობისას სტეფანო პიოლის გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ ოთხჯერ ითამაშა და ყველა მატჩი მოიგო.

⚽ ლორენცო ინსინიე გოლს თუ გაიტანს, მისთვის მე-7 იქნება მილანის წინააღმდეგ და დიეგო მარადონას (6) გაუსწრებს, ხოლო ლუის ვინიჩოსა და ანტიონიო ვოიაკს გაუთანაბრდება (ორივეს 7). შედეგად, გახდება სამიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ნაპოლის მაისურით მილანთან ყველაზე მეტი გოლი ექნება გატანილი.

გამოკითხვა

გაუტანს ზლატანი ნაპოლის?

  • კი
  • არა

⚽ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 5-ჯერ ითამაშა და ყველა თამაშში გოლი გაიტანა. მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან), მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა შეძლო სეზონის საწყის 6 თამაშში გოლის გატანა - გაბრიელ ბატისტუტამ (1994/95), კრისტიან ვიერიმ (2002/03) და კშიშტოფ პიონტეკმა (2018/19).

⚽ ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მილანის ბოლო 5-ივე თამაშში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ამ გუნდების ბოლო ხუთ ურთიერთშეხვედრაში ორჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და სამჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ნაპოლი და მილანი სერია A-ში აქამდე 144-ჯერ შეხვდნენ. 54 მატჩი მილანმა მოიგო, 42 ნაპოლიმ, ხოლო 48-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი - ფაბიან რუისი, ბაკაიოკო, ელმასი - ლოსანო, მერტენსი, ინსინიე
ტრავმა ან კოვიდინფიცირებულები: ჰისაი, ოსპინა, ოსიმენი, რაჰმანი

მილანი (4-2-3-1): დონარუმა - კალაბრია, კიაერი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი - ბენასერი, კესი - სელმაკერსი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი - იბრაჰიმოვიჩი
ტრავმა: ლეაო.

კომენტარები

ბოლო ამბები