Thumbnail

'დიდხანს ვემზადებოდი' - მორის ყვითელაშვილის წარმატება მოსკოვის გრან პრიზე

  • ქართველი მოციგურავე მოსკოვის გრან პრის მოკლე პროგრამაში საუკეთესო იყო
  • მორის ყვითელაშვილს იმედი აქვს, რომ მიზანს თავისუფალ პროგრამაშიც მიაღწევს

ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში დაწყებულ გრან პრის ეტაპზე, მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ყვითელაშვილმა ტექნიკაში 55,91 ბალი მიიღო, კომპონენტებში კი 43,65 და პირველი ადგილი დაიკავა.

მორისის შემდეგ მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად პიოტრ გუმენიკმა (რუსეთი, 96,26 ბალი) და მიხაილ კოლიადამ (რუსეთი, 93,34 ბალი) დაიკავეს.

მოსკოვის გრან პრიზე, რომელიც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, განსხვავებული ფორმატით ტარდება და მასში ძირითადად რუსი მოციგურავეები გამოდიან (ასევე სპორტსმენები მეზობელი ქვეყნებიდან და ისინი, რომლებიც რუსეთში ვარჯიშობენ), მამაკაცთა შორის თავისუფალი პროგრამა 21 ნოემბერს გაიმართება. 

ქართველმა მოციგურავემ მოსკოვში საუკეთესო შედეგი აჩვენა

მორის ყვითელაშვილმა თავისი გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ შედეგით კმაყოფილია: 

"დღევანდელი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ამისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდით. ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა შესაძლებლობა, გამოვსულიყავი და შესაძლებლობები წარმომეჩინა. ძალიან მახარებს ის, რომ მოკლე პროგრამაში ყველაფერი გამომივიდა. იმედია, ხვალაც ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაფიქრებული მაქვს. 

მადლობა მშობლებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ბევრს მწერდნენ, წარმატებას მისურვებდნენ და მსურს თითოეულს მადლობა გადავუხადო", - თქვა ქართველმა სპორტსმენმა გამოსვლის შემდეგ.

📺 ყვითელაშვილის გამოსვლა მოსკოვის გრან პრიზე

25 წლის მორის ყვითელაშვილი, რომელიც მოსკოვშია დაბადებული და ეთერ თუთბერიძის გუნდის წევრია, საქართველოს სახელით 2016 წლიდან გამოდის. ქართველი მოციგურავის საუკეთესო მიღწევა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოა. 

კომენტარები

ბოლო ამბები