Thumbnail
  • 📅 21 ნოემბერი | ⌚ 21:15 | 🏉 უელსი V საქართველო | 📺 TV იმედი
  • ბორჯღალოსნებს 'შემოდგომის ერთა თასის' მე-2 ტურის მატჩი ელით

“შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის მეორე ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსს დაუპირისპირდება. თამაში ქალაქ ლანელიში “პარკ ი სკარლეტსზე“ ჩატარდება და მეტოქეები ეცდებიან წარუმატებელი სტარტის შემდეგ, მდგომარეობა გამოასწორონ. შეგახსენებთ, რომ ახალი ექსპერიმენტული ტურნირის სასტარტო რაუნდში უელმა ირლანდიაში 9:32 წააგო, საქართველო კი ინგლისში 0:40 დამარცხდა.

გამოკითხვა

რამდენი ქულით მოიგებს უელსი?

  • 27,5 ქულაზე მეტით
  • 27,5 ქულაზე ნაკლებით

უელსელთა მთავარი არენა “მილენიუმი“, რომელიც კარდიფში მდებარეობს, დროებით საველე საავადმყოფოდ არის გადაკეთებული და იქ COVID 19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ, რის გამოც ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა გახდა საჭირო. “დრაკონებმა“ ოქტომბრის მიწურულს სწორედ “პარკ ი სკარლეტსზე“ უმასპინძლეს შოტლანდიას და ექვსი ერის გადადებული მატჩში მოულოდნელი მარცხი განიცადეს – 10:14.

ცნობისთვის, ლანელი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და უელსის სიდიდით მეორე ქალაქიდან, სუონსიდან 13 კილომეტრითაა დაშორებული. მისი მოსახლეობა 50 ათასს შეადგენს. “პარკ ი სკარლეტსი“ 2008 წელს აშენდა. ის PRO 14-ის უელსური ფრანჩაიზის სკარლეტსის საშინაო არენაა და 14 870 მაყურებელს იტევს.

უელსელებმა ნაკრები პირველად 1881 წელს შეკრიბეს და სადებიუტო ტესტ-მატჩი ინგლისის ნაკრებთან გამართეს. სულ მათ ანგარიშზე 738 თამაშია, საიდანაც მოიგეს 386, ფრედ დაასრულეს 29 და დამარცხდნენ 323 შემთხვევაში. ყველაზე დიდი სხვაობით “დრაკონებს“ იაპონიის ნაკრები ყავთ დამარცხებული, 2004 წელს - 98:0.

საქართველოსა და უელსის ნაკრებებმა ბოლოს 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშეს

მსოფლიო თასზე უელსმა საუკეთესო შედეგი პირველ ტურნირში, 1987 წელს აჩვენა, როდესაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. “დრაკონები“ კიდევ ორჯერ იყვნენ ნახევარფინალში და მეოთხე ადგილი დაიკავეს – 2011 და 2019 წლებში. 2020 წლის ექვს ერზე უელსმა მხოლოდ იტალიის დამარცხება შეძლო, ირლანდიასთან, საფრანგეთთან, ინგლისთანა და შოტლანდიასთან კი დამარცხდა და ტურნირზე მისთვის უჩვეულო ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

უელსელთა ბოლო გამარჯვება მიმდინარე წლის 1 თებერვლით თარიღდება, როდესაც მათ 6 ერის მაჩანჩალა იტალიას 42:0 სძლიეს, შემდეგ კი, ზედიზედ 6 წაგება აქვთ: 2-2-ჯერ ირლანდიასთანა და საფრანგეთთან, ინგლისთანა და შოტლანდიასთან. ცხადია, რომ რომ ქართველებთან შეხვედრაში “დრაკონებს” მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ, თუმცა, მათ მთავარ მწვრთნელ უეინ პივაკს ექსპერიმენტებზე უარი მაინც არ უთქვამს.

იმ 15-ეულიდან, რომელიც “შემოდგომის ერთა თასის” პირველ ტურში ირლანდიაში წაგებული (9:32) მატჩის სტარტში იყო, ერთბაშად 13 მორაგბეა გამოიცვალა. შემადგენლობაში ადგილები მხოლოდ ლიამ უილიამსმა და ჯასტინ ტიპურიკმა შეინარჩუნეს და ეს უკანასკნელი “დრაკონების” კაპიტანიც იქნება, 3 მოთამაშე კი ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო თამაშს ჩაატარებს. ესენი ფლანკერი ჯეიმს ბოთემი, 9 ნომერი ქირან ჰარდი და შუამარბი ჯონი უილიამსი არიან. მომავალი მატჩის წინ, პივაკმა აქცენტი სწორედ გუნდში ახალბედების ჩართულობაზე გააკეთა.

უელსელთა მთავარი მწვრთნელი უეინ პივაკი ექსპერიმენტებს არ მორიდებია

“საქართველოსთან მატჩი კარგი შესაძლებლობაა ახალი მორაგბეებისთვის, რომელთაც ნაკრებში დამკვიდრება და 2023 წლის მსოფლიო თასზე გამგზავრება სურთ. ადრეც მითქვამს, რომ “შემოდგომის ერთა თასი” იდეალური შანსია მათთვის, ვინც ეროვნულ გუნდში ფეხის მოკიდებას ცდილობს. ეს ბიჭები ბევრს შრომობოდნენ, ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდნენ და ნამდვილად დაიმსახურეს ის, რომ შაბათის შეხვედრაში მინდორზე იქნებიან“.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თავკაცმა ლევან მაისაშვილმა ინგლისთან მატჩთან შედარებით ძირითად შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა. 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძე, რომელიც მგეზავ თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება. ცენტრში ისევ მერაბ შარიქაძესა და გიორგი კვესელაძეს ვიხილავთ, ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ, მეორე გარემარბად სანდრო სვანიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება, ფულბეკის პოზიციაზე კი კვლავ ლაშა ხმალაძე გაირჯება.

სამი ცვლილებაა შერკინების ხაზში, სადაც კვაჭის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ჯაბა ბრეგვაძე გამოჩნდება, ბურჯები კი ისევ მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი იქნებიან. მეორე ხაზში გამოცდილი კოტე მიქაუტაძე ბრუნდება და ის გრიგორ ქერდიყოშვილს შეუწყვილდება, მესამე ხაზში კი, შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ისევ ითამაშებს ოთარ გიორგაძე. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძეა, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა

“უელსი შეტევაში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მართალია 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შემადგენლობა იგივე დარჩა, მაგრამ ახლა სხვაგვარად გამოიყურება. მისმა შედეგებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ უელსმა ბოლო ექვსი თამაში წააგო, ის ძლიერი გუნდია და მათგან ბევრ ხიფათს ველით. მას შეტევაში ინგლისზე მეტი ოპცია აქვს, სტატიკურ ფაზებში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ და დაცვაში მეტი ფიქრი გვმართებს. აქაც უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ბალანსი შეტევასა და დაცვაში. თამაშის გეგმა შემუშავებული გვაქვს. ბიჭებთან გვქონდა ინდივიდუალური და გუნდური ანალიზი. ვეცდებით, დავხვეწოთ სტატიკური ფაზები და შეტევაში თამაში. მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ და შესაძლებლობებს როგორ გამოვიყენებთ. მარქაფაში გვყავს მორაგბეები, რომლებმაც მეორე ტაიმში უნდა გაგვაძლიერონ. წინა მატჩებში შეჯგუფებებში პრობლემა გვქონდა, თუმცა ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ”, - აცხადებს მომავალი მატჩის წინ მაისაშვილი.

ბორჯღალოსნებს უელსის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშიათ. 2017 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩში, საქართველო მეტოქეს “მილენიუმზე“ ეწვია და ფრესთან ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა შეხვედრის მიწურულს შერკინებაში მიწოლის გაუქმებას მიაღწიეს და 13:6 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშს და განსაკუთრებით დასკვნით წუთებში განვითარებულ მოვლენებს, სარაგბო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოყვა. 2019 წელს უელსს უკვე იაპონიაში, მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ და ბრიტანელებმა 43:14 იმარჯვეს.

მომავალი მატჩის რეფერი რეფერი ინგლისელი ლუკ პირსი იქნება, რომელიც საქართველოს ნაკრების თამაშს კი უკვე მეხუთედ იმსაჯებს. ის ჩვენს ქვეყანას 2014 წელს ორჯერ ეწვია და ჯერ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთთან 22:9 მოგებული მატჩი განსაჯა, მერე კი “თბილისის თასზე“ – არგენტინის A ნაკრებთან შეხვედრა (16:26). პირსმა 2017 წელს ქართველებისა და არგენტინელების თამაში კიდევ ერთხელ იმსაჯა, ამჯერად ტესტ-მატჩი ხუხუიში (29:45), ხოლო 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსთან გამართული შეხვედრაში (14:43) იყო არბიტრი. ინგლისლ რეფერის კიდეებიდან ირლანდიელები – ენდრიუ ბრეისი და ფრენკ მერფი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ასევე ირლანდიელი ჯო ნევილი იქნება.

უელსი - საქართველო

უელსი: 15. ლიამ უილიამსი (65 კეპი), 14. ჯონი მაკნიკოლი (4), 13. ნიკ ტომპკინსი (6), 12. ჯონი უილიამსი (უკეპო), 11. ლუის რის-ზემიტი (1), 10. კალუმ შიდი (1), 9. ქირან ჰარდი (უკეპო), 1. უინ ჯონსი (27), 2. ელიოტ დი (30), 3. სამსონ ლი (43), 4. ჯეიკ ბოლი (47), 5. სებ დევისი (8), 6. ჯეიმს ბოთემი (უკეპო), 7. ჯასტინ ტიპურიკი (78, კაპ.), 8. აარონ უეინრაითი (24).

სათადარიგოები: 16. სემ პერი (2), 17. ნიკი სმიტი (36), 18. ლეონ ბრაუნი (10), 19. ქორი ჰილი (27), 20. ჯეიმს დევისი (9), 21. რის ვები (34), 22. იოან ლოიდი (უკეპო), 23. იონაჰ ჰოლმსი (3). 

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე (84 კეპი), 14. აკაკი ტაბუცაძე (4), 13. გიორგი კვესელაძე (26), 12. მერაბ შარიქაძე (68, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (87), 10. თედო აბჟანდაძე (17), 9. ვასილ ლობჟანიძე (53), 1. მიხეილ ნარიაშვილი (63), 2. ჯაბა ბრეგვაძე (60), 3. ბექა გიგაშვილი (15), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (3), 5. კოტე მიქაუტაძე (64), 6. ოთარ გიორგაძე (27), 7. ბექა საღინაძე (14), 8. ბექა გორგაძე (29).

სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე (11), 17. გურამ გოგიჩაშვილი (16), 18. ლექსო ყაულაშვილი (2), 19. ლაშა ჯაიანი (3), 20. გიორგი თხილაიშვილი (59), 21. გელა აფრასიძე (27), 22. დემურ თაფლაძე (3), 23. თამაზ მჭედლიძე (58).

კომენტარები

ბოლო ამბები