Thumbnail
  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 7 მოთამაშე ვერ დაეხმარება
  • ცნობილია ნატურალიზებული ამერიკელის ვინაობაც

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფინეთში დაგეგმილ ევრობასკეტის მოახლოებულ საკვალიფიკაციო მატჩებში კაპიტან თორნიკე შენგელიასთან ერთად წარსდგება, თუმცა, დანაკლისი მაინც სოლიდურია. ეროვნული გუნდის შემადგენლობის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” ისაუბრა და საინტერესო სხვაც ბევრი თქვა:

“თვითონ თორნიკე ძალიან მონდომებულია და შემიძლია ვთქვა, რომ მას ურთულესი გზის გავლა მოუწევს. 26 ნოემბერს ცსკა-ს ევროლიგის მატჩი აქვს რეალთან და სწორედ ამ თამაშის შემდეგ გამოემგზავრება ის ფინეთში. ისევე, როგორც სხვებს, მასაც შესაბამისი პროცდურების გავლა მოუწევს და იმედია, კორონავირუსის გამო, არავინ გამოგვაკლდება. თორნიკე ფინეთში ორივე მატჩს ჩაატარებს და შემდეგ დაუბრუნდება კლუბს.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეროვნულ გუნდში ამჯერადაც თად მაკფადენი ითამაშებს სან პაბლო ბურგოსიდან და მასთან ერთად, ესპანეთიდან ფინეთში გიორგი შერმადინიც გამოემგზავრება. სრულ შემადგენლობას მთავარი მწვრთნელი შაბათს ან კვირას დაასახელებს, თუმცა, უკვე ახლავე შემიძლია გითხრათ იმ უმძიმეს სიტუაციაზე, რომელიც ამ მხრივ ნაკრებშია შექმნილი. ისე გამოდის, რომ ეროვნულ გუნდს ერთბაშად 7 კალათბურთელი ვერ დაეხმარება.

ილიას ზუროსსს სამუშაო მრავლად ექნება

იცით, რომ გოგა ბითაძეს სულ მალე ეწყება NBA-ს ახალი სეზონი, ამას გარდა, ის დღემდე მკურნალობს ნატკენ ფეხს და მისი ჩამოსვლა გამორიცხულია. ვერ დაგვეხმარება სანდრო მამუკელაშვილიც, რომელიც სტენდური ლიგის სტარტისთვის ემზადება. სამწუხაროდ, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და დიდი ხნით გამოგვეთიშა რატი ანდრონიკაშვილი, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ის ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ამას გარდა, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ვერ ხერხდება ფინეთში იმ კალათბურთელების ჩამოსვლა, რომლებიც აზიაში თამაშობენ. ესენი არიან გიორგი ცინცაძე, მიხეილ ბერიშვილი და ახლა, უკვე დუდა სანაძეც. და სულ ახლა, ბოლო მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო ბექა ბურჯანაძემ და სავარაუდოა, რომ ნაკრებს ვერც ის დაეხმარება. ასეთი დანაკლისის ფონზე ფინეთში მატჩების მოგება ძალიან რთული იქნება, თუმცა, საქართველოს ნაკრები, როგორც ყოველთვის, მოსაგებად ითამაშებს.

ნატურალიზებული კალათბურთელის რანგში კვლავაც თად მაკფადენი ითამაშებს

ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, 99%-ით გადაწყვეტილია და მე გარწმუნებთ, რომ თებერვალში ე.წ. “ბაბლს” თბილისი უმასპინძლებს. ჩვენი ჯგუფის 4 ნაკრები სწორედ აქ შეიკრიბება და თამაშები ანალოგიური სქემით ჩატარდება, როგორც ახლა ფინეთშია. ამდენად, დასკვნით ორ შეხვედრას სერბეთთან და ფინეთთან სწორედ თბილისში გავმართავთ. ეს საკითხი ფიბა-სთან უკვე განხილულია და წინასწარი თანხმობა არსებობს.

რაც შეეხება ახალ დარბაზს, მისი მშენებლობა საჭირო ტემპში მიმდინარეობს და ის, ფაქტობრივად, უკვე შესაბამის სიმაღლეზეა ამოყვანილი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ 2022 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ჩვენ გვექნება ძალიან ლამაზი და ულტრათანამედროვე სპორტული დარბაზი, სადაც თამაში ერთი სიამოვნება იქნება”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი ევროპირველობის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა, შესარჩევი ციკლი მაინც ყოჩაღად დაიწყო და 2 მოგებით E ჯგუფის ლიდერია. ილიას ზუროსის შეგირდებს უახლოესი საკვალიფიკაციო თამაშები ფინეთში ელით: 28 ნოემბერს მასპინძლებთანა და 30-ში – შვეიცარიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები