Thumbnail

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რითაც ბოლო სამი თამაშის, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალის შესახებ გააკეთა განცხადება. ჯაბა წერკს, რომ ნაკრებს მარცხის შემდეგ მძიმე დღეები დაუდგა, რამაც ყველა ფეხბურთელზე დიდი გავლენა მოახდინა.

ჯაბა კანკავა: "ყველას გააზრებული ჰქონდა, რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის. ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული.

ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერმოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა. 12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა.

მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც საუბრობს, რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან. ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც. ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე, ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა, ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა.

მჯერა, ეს მძიმე პერიოდი როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან მიმაჩნია, რომ ბევრად მეტი რესურსია ჩვენს ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა. განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) მარცხით დაკარგა, რასაც ერთა ლიგის C დივიზიონში ორი წარუმატებელი თამაში მოჰყვა.

საქართველოს ნაკრებმა 2020 წლის ბოლო ესტონეთთან ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო შეხვედრას 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაატარებენ, თუმცა მეტოქეები ჯერჯერობით უცნობია, ჯგუფური ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები