Thumbnail

PREVIEW | დინამო ბათუმი დილას ახალ არენაზე ეთამაშება - ყველაფერი მატჩზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 21 ნოემბერი | ⌚ 18:00 | ⚽ დინამო ბათუმი V დილა
  • დინამო ბათუმი ახალ სტადიონზე პირველ თამაშს გამართავს
  • ქულები ორივე გუნდისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია
  • პირდაპირი რეპორტაჟი eliga.ge-ზე და აჭარის ტელევიზიის ეთერში იქნება

ეს არის მატჩი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, რამდენად დაძაბული იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურებში!

საქართველოს ჩემპიონატის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში, დინამოსა და გორის დილას შორის გაიმართება. გარდა იმისა, რომ ამ დაპირისპირებას სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, მთავარი მაინც ის არის, რომ თამაში ბათუმის ახალ სტადიონზე შედგება.

დინამო ბათუმის პირველი ვარჯიში ახალ არენაზე

ახალ არენაზე, რომელიც უეფას მე-4 კატეგორიისაა, პირველი შეხვედრა ჩატარდება, რაც რა თქმა უნდა, ახალი ეტაპის საწყისია არა მარტო დინამო ბათუმისთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვისაც. დიდი ხანია, საქართველოში ასეთი შესანიშნავი საფეხბურთო სტადიონი არ აშენებულა და თანაც, ბათუმელი ქომაგი ხომ დიდხანს ელოდა მშობლიურ ქალაქში ამ ლამაზ საფეხბურთო ნაგებობას. სავსე ტრიბუნებით გაცილებით მაგარი გარემო იქნებოდა, მაგრამ პანდემიის რეალობას წინ ვერავინ აღუდგება. იმედია, ბათუმის ახალ სტადიონს სავსეს მალე ვნახავთ.

დინამოს და დილას დაპირისპირება წმინდა საფეხბურთო კუთხითაც მნიშვნელოვანი მატჩია. პირველ წრეში, როცა ეს გუნდები ერთმანეთს გორში შეხვდნენ, დილა ჩემპიონობაზე პრეტენზიასაც აცხადებდა, თუმცა შემდეგ გიორგი ნემსაძის გუნდმა ქულების დაკარგვას მოუხშირა, ახლა კი მაქსიმუმი ევროზონაში მოხვედრა თუ იქნება. დინამო ბათუმის მთავარი ამოცანა და კი ცხადია, ისევ ჩემპიონობაა. აჭარლები დინამო თბილისს 5 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და პოტენციურად ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს. მოკლედ, ყველაფერი წინ არის.

დინამო ბათუმი - გორის დილა ახალ სტადიონზე

🛸 პირველი მატჩი ბათუმის ახალ არენაზე 🛸 დეტალურად: bit.ly/FCDBvDILA

Posted by popsport on Tuesday, November 17, 2020

გორის დილას თავისი ამოცანა აქვს გადასაჭრელი. ნემსაძის გუნდს ჯერჯერობით ჩემპიონობის შანსიც აქვს, მაგრამ უფრო რეალური ევროპალიგის საგზურია. გორელები ამჟამად მე-3 ადგილზე არიან და კონკურენტ ლოკომოტივს 2 ქულით უსწრებენ, თუმცა თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე დილასთვის სეზონის ფინიშზე თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირველი წრის დაპირისპირება ვახსენეთ და მაშინ გამარჯვებული არ გამოვლენილა. გუნდებმა პირველივე ტაიმში გოლები გაცვალეს და ფრეს დასჯერდნენ. 26 ივლისს, დინამო ბათუმი ბალგუ იენდუნტის ავტოგოლით დაწინაურდა, 43-ე წუთზე კი ირაკლი ლექვთაძემ გათანაბრება მოახერხა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ ეს მატჩი კონკრეტული ფეხბურთელებისთვისაც დიდ მოტივაციას წარმოადგენს. ბომბარდირთა დავას 8 გოლით გორის დილას ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი ლიდერობს, რომელსაც კვალში დინამო ბათუმის ლიდერი ჯაბა ჯიღაური (7 გოლი) და დილას კიდევ ერთი ფორვარდი ნუგზარ სპანდერაშვილი (6 გოლი) უდგანან.

პირველი ვარჯიში ბათუმის ახალ არენაზე

🏟🌟 პირველი ვარჯიში ახალ არენაზე - დინამო ბათუმი გორის დილასთან სათამაშოდ ემზადება. 🔵🔴 დილასთან მატჩის წინ: bit.ly/FCDBvFCDILA

Posted by popsport on Friday, November 20, 2020

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი): "დიდი პაუზის შემდეგ, დინამო ბათუმმა პირველად ივარჯიშა ცენტრალურ სტადიონზე, სადაც ამიერიდან ყველა თამაშს ჩაატარებს. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მინიმალური წვლილი მაინც შეიტანა ამ საშვილიშვილო საქმის კეთებაში. გუნდში ბიჭების განწყობა საუკეთესოა, 16 წლის განმავლობაში პირველად დღეს ივარჯიშეს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე. ვფიქრობ, რომ დიდი და ბევრი წარმატება ელის როგორც ჩვენს გუნდს, ისე გულშემატკივრებსა და ზოგადად საქართველოს".

ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "პირველ რიგში ვიტყვი, რომ ბათუმში თამაში ძალიან მოგვენატრა. სამწუხაროა, რომ გულშემატკივრის გარეშე გვიწევს სტადიონის გახსნა, მაგრამ მოტივაცია მაღალი გვაქვს და გვინდა, რომ გამარჯვებით დავიწყოთ. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარეც მოდუნების საშუალება არ გვაქვს, ჩვენს თავზე არ ვართ დამოკიდებული, თუმცა მაქსიმუმს გავაკეთებთ და ყველა თამაშში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. როდესაც სტადიონზე შემოვედით, მოლოდინს კიდევ უფრო გადააჭარბა, საოცარი ატმოსფეროა, მინდორიც იდეალურ მდგომარეობაშია და ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ხვალინდელ თამაშში და არა მარტო, წარმატებას მივაღწიოთ".

მიხეილ ალავიძის სეივი დღევანდელ ვარჯიშზე

ნუგზარ სპანდერაშვილი (დილას ფეხბურთელი): "გუნდი სერიოზულად მოემზადა ამ თამაშისთვის, რადგან მნიშვნელოვანი მატჩია სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით. სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგური თამაშები გავმართეთ და ბოლო ტურებისთვის დიდ მიზნებს ვისახავთ. რა თქმა უნდა, დინამო ბათუმთან დაძაბული თამაში იქნება, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ ბათუმიდან ქულების გარეშე წამოსვლას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ახალ სტადიონს: ეს მათი სანერვიულოა, რადგან დინამო ბათუმისთვის გახსნითი თამაშის წაგება დიდი დარტყმა იქნება".

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმისა და დილას ბოლო 6 დაპირისპირებიდან 2 უგოლოდ დასრულდა, 3-ჯერ კი მატჩს ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

⚽ ბოლო შემთხვევა, როდესაც ამ გუნდებს შორის 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 2017 წლის 30 ივლისს იყო. მაშინ გორში ბათუმელებმა 2:1 მოიგეს.

⚽ ბოლო 10 დაპირისპირების სტატისტიკა ასეთია: დინამო ბათუმი - 4 მოგება, დილა - 2 მოგება და 4 ფრე.

⚽ ბათუმში, დინამოს დილასთან ბოლო სამი თამაშიდან 2 მოგებული აქვს, ხოლო გორელებმა ზღვისპირეთიდან უკანასკნელად 3 ქულის წაღება 2017 წლის მაისში მოახერხეს.

⚽ დინამო ბათუმს დილა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით 1998 წლის 22 იანვარს ჰყავს დამარცხებული (6:0), ხოლო თვითონ ორჯერ წააგო 0:2 და ამაზე დიდი სხვაობით გორელებს დინამო ბათუმთან არასდროს მოუგიათ.

⚽ ისტორიაში ამ გუნდების საწყისი 6 მატჩიდან ექვსივეში გამარჯვება დინამო ბათუმს დარჩა. დილამ კი დინამო ბათუმის დამარცხება ისტორიაში პირველად მხოლოდ და მხოლოდ მე-13 დაპირისპირებაში შეძლო 2003 წლის 27 სექტემბერს (2:1).

⚽ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები ერთმანეთს კარგად იცნობენ. გია გეგუჩაძე იმ დინამო თბილისის თავკაცი იყო, რომელმაც უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა (2004/05), ხოლო ნემსაძე გუნდს კაპიტნობდა.

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში შინ მხოლოდ 9 ქულა აქვს მოპოვებული (2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება). ბოლო საშინაო თამაში კი 12 სექტემბერს ჩაატარა და დინამო თბილისთან წააგო (1:3).

⚽ გორის დილამ სტუმრად 7 მატჩში 12 ქულა მოიპოვა (3 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება). თუმცა, გასვლაზე ბოლო 3 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა აიღო და უკანასკნელად 19 ივლისს იმარჯვა, როდესაც დინამო თბილისი დაამარცხა (2:1). გორელებს სტუმრად იმავე დინამო თბილისის შემდეგ (2) ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გაშვებული (4).

⚽ დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩიდან 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ გორის დილას ბოლო 5 შევედრაში ორჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ საქართველოს თასის გათამაშებას ორივე გუნდი გაგრასთან მარცხით გამოეთიშა. დინამო ბათუმი 1/8 ფინალში (0:1) და დილა 1/4 ფინალში (0:1 დამატებით დროში).

კომენტარები

ბოლო ამბები