Thumbnail

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილი ვლადიმირ ვაისს სოციალური ქსელით დაემშვიდობა. გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა სლოვაკი სპეციალისტის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურეს.

გურამ კაშია: "მადლობა ერთად გატარებული ბოლო 5 წლისთვის. მადლობა ჩემს მიმართ გამოვლენილი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოცნება ვერ ავისრულეთ. ამაზე მეც ვგრძნობ და ვიღებ პასუხისმგებლობას. თუმცა, გვქონდა შესანიშნავი მომენტებიც, რომლებიც მე სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებებს!"

ნიკა კვეკვესკირი: "მადლობა ბატონო! არასდროს დამავიწყდება ის, რაც შენ და შენმა სტაფის წევრებმა ჩვენთვის გააკეთეთ! თქვენთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივი იყო".

ვაკო ყაზაიშვილმა და გიორგი აბურჯანიამ ვაისთან დაკავშირებით ინსტაგრამში სთორი გამოაქვეყნეს და დაწერეს: "დიდი მადლობა!"

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლის მარტიდან წვრთნიდა. 47 შეხვედრაში მან 16 მოიგო, 16 წააგო და 15-ჯერ ფრეს დასჯერდა. საქართველოს ნაკრები მასთან ერთად ყველაზე ახლოს იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან, მაგრამ ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, სომხეთთან წაგების შემდეგ კი პოსტი დატოვა.

გარდა ამისა, გურამ კაშიამ ინსტაგრამში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც უშუალოდ განვლილ სამ წარუმატებელ სანაკრებო მატჩს ეხება. საქართველოს ვიცე-კაპიტანი წერს, რომ როგორც პირადად მისთვის, ისე მთელი გუნდისთვის ძალიან რთული მომენტი იყო:

გურამ კაშია: "ეს ძალზე რთული მომენტია პირადად ჩემთვის, ისევე როგორც მთელი გუნდისთვის. ჩვენ დიდი იმედით ვიყავით, თუმცა, ბოლო სამმა თამაშმა ჩვენ მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება მოგვიტანა. ვწუხვარ,რომ ვერ შევძელით გულშემატკივრების ოცნების რეალობად ქცევა. ყველაფერი რაც ჩვენ ბოლო წლებში შევქმენით, ორ მატჩში დავკარგეთ. ასეთია ფეხბურთი - ყველაფერი წამებში იცვლება. დღევანდელი ტკივილი, ხვალ უკვე ახალმა იმედმა შეიძლება ჩაანაცვლოს. მე კი ნამდვილად მჯერა წარმატებული მომავლის. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელთაც ამ პერიოდში დიდი მხარდაჭერა და საოცარი გვერდში დგომა გვაჩვენეს".

კომენტარები

ბოლო ამბები