Thumbnail

ისტორია დაიწერა! ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კლუჟი (რუმინეთი) 0:1 ლანჩხუთი (საქართველო) | გოლი: 0:1 ჭყონია (68)
  • ქართული ქალთა კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში გავიდა 

საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიას წერს. ლანჩხუთელები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში პირველად ასპარეზობენ, თუმცა, უკვე მე-2 მატჩი მოიგეს და შეჯიბრის 1/16-ფინალში გააღწიეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ყაზახეთში ოკჟეტპესს დამატებით დროში 2:1 სძლიეს. მაშინ დუბლი ხატია ჭყონიამ შეასრულა და მანვე გამოიჩინა თავი დღეს რუმინეთში გამართულ შეხვედრაშიც.

ლანჩხუთელები კლუჟის ოლიმპიას სტუმრობდნენ და ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნეს, თუმცა, მსაჯმა ძალიან საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა. სამაგიეროდ, გოლი ჩაითვალა 68-ე წუთზე, როდესაც ქართულმა კლუბმა კონტრშეტევა წამოიწყო და მეკარესთან პირისპირ გასულმა ჭყონიამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

📺 ჭყონიას გოლი და გამარჯვების ემოციები

ამგვარად, ლანჩხუთი იმ 10 კლუბს შორის მოხვდა, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის 2 საკვალიფიკაცი ეტაპის გავლა მოახერხეს. 1/16-ფინალში მათ მე-3 ეტაპზე პირდაპირ დაშვებული 22 გუნდი დახვდათ, რომელთა შორის ევროპული ფეხბურთის გრანდები არიან: ლიონი, ვოლფსბურგი, ბარსელონა, პსჟ, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ატლეტიკო, ფიორენტინა, აიაქსი, იუვენტუსი, პსვ და სხვები.

1/16-ფინალის წილისყრა 24 ნოემბერსაა დაგეგმილი და ამ ეტაპზე დაპირისპირება უკვე ორმატჩიანი იქნება. თამაშები 8-9 და 15-16 დეკემბერს ჩატარდება.

კლუჟი 0:1 ლანჩხუთი

გოლი: 0:1 ჭყონია (68)

ლანჩხუთი (4-4-1-1): გაბუნია – ალელიშვილი, კალანდაძე, ჩხარტიშვილი, გუჯაბიძე – ხაბურძანია, დანელია, თოდაძე, გასვიანი – დიმოპულო (78. ნარსია) – ჭყონია (93. წოწერია).

სასწაული გრძელდება...

Posted by ქსკ ლანჩხუთი • WFC Lanchkhuti on Thursday, November 19, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები