Thumbnail

კაცი რეკორდი! ლაშა ტალახაძემ 477 კილოგრამი ასწია!

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე
  • ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო
  • ტალახაძემ ანაჰაიმში 2 მსოფლიო რეკორდი დაამყარა
  • საქართველოს ნაკრებმა საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა

ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ის შედეგი აჩვენა, რასაც მისგან ყველა ელოდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანის ტიტული არავის დაუთმო. 24 წლის ქართველი ძალოსნის ფენომენალური (ჯამში 477კგ) აპარეზობის შედეგად: უახლოეს მდევართან, მე-2 ადგილზე გასულ ირანელ საეიდ ალიჰოსეინთან სხვაობამ 23 (!) კგ შეადგინა, მთავარ კონკურენტად მიჩნეულ კიდევ ერთ ირანელს, ბეჰდად სალიმის კი 24 კილოგრამით მოუგო.

"7 თვე აქტიურად ვემზადებოდი და ჩემპიონატს მართლაც კარგ ფორმაში შევხვდი. ვიცოდი, რომ ოლიმპიადის შემდეგ, კონკურენტები განსაკუთრებულად მოემზადებოდნენ და ასეც მოხდა: ძალოსნებმა 5 და 10 კილო გააუმჯობესეს და უფრო დიდი წონები დაძლიეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დიდი ფორით გავიმარჯვე; ეს ცოტა მოულოდნელი იყო." - განაცხადა ტალახაძემ POPSPORT-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ტალახაძემ ატაცში 210, 215 და 220 კგ. ასწია, თავისივე მსოფლიო რეკორდი ლაშამ 3 კილოგრამით გააუმჯობესა. ტალახაძემ ფიცარნაგზე პირველი ასვლის შემდეგ 9 (!) კილოგრამით გაუსწრო სალიმის. მეტოქე მე-3 ცდაზე 216-კილოგრამს შეეჭიდა და არაფერი გამოუვიდა.

რეკორდული იყო მაჩვენებლები აკვრაშიც. ტალახაძემ აქაც სამივე ცდა გამოიყენა. 243, 250 და 257 კგ. ასწია და 2 მოძრაობის ჯამში თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

საბოლოოდ ასპარეზობის ბოლო დღეს, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 რეკორდი დაამყარა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველმა ძალოსნებმა ანაჰაიმში 5 ოქრო, 1 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო აიღეს. გიორგი ასანიძის გუნდმა საერთო ჩათვლაში მე-3 საფეხური დაიკავა.

POPSPORT-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან წაიკითხეთ აქ.

გუშინ საქართველოს სახელით უმაღლესი სინჯის მედლები ანასტასია გოტფრიდმა მოიპოვა, მანამდე კი ტურნირზე პირველი პოდიუმით რევაზ მიშველაძემ გაგვახარა.

კომენტარები

ბოლო ამბები