Thumbnail
  • 📅 21 ნოემბერი | ⌚ 21:15 | 🏉 უელსი V საქართველო | 📺 TV იმედი
  • 'დრაკონებმა' შაბათის მატჩის წინ ერთბაშად 13 მორაგბე შეცვალეს

უელსის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა საქართველოსთან შაბათს დაგეგმილი მატჩისთვის გადახალისებული შემადგენლობა დაასახელა.

გამოკითხვა

რამდენი ქულით მოიგებს უელსი?

  • 27,5 ქულაზე მეტით
  • 27,5 ქულაზე ნაკლებით

იმ 15-ეულიდან, რომელიც “შემოდგომის ერთა თასის” პირველ ტურში ირლანდიაში წაგებული (9:32) მატჩის სტარტში იყო, ერთბაშად 13 მორაგბეა გამოიცვალა. შემადგენლობაში ადგილები მხოლოდ ლიამ უილიამსმა და ჯასტინ ტიპურიკმა შეინარჩუნეს და ეს უკანასკნელი “დრაკონების” კაპიტანიც იქნება, 3 მოთამაშე კი ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო თამაშს ჩაატარებს. ესენი ფლანკერი ჯეიმს ბოთემი, 9 ნომერი ქირან ჰარდი და შუამარბი ჯონი უილიამსი არიან. მომავალი მატჩის წინ, პივაკმა აქცენტი სწორედ გუნდში ახალბედების ჩართულობაზე გააკეთა.

“საქართველოსთან მატჩი კარგი შესაძლებლობაა ახალი მორაგბეებისთვის, რომელთაც ნაკრებში დამკვიდრება და 2023 წლის მსოფლიო თასზე გამგზავრება სურთ. ადრეც მითქვამს, რომ “შემოდგომის ერთა თასი” იდეალური შანსია მათთვის, ვინც ეროვნულ გუნდში ფეხის მოკიდებას ცდილობს. ეს ბიჭები ბევრს შრომობოდნენ, ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდნენ და ნამდვილად დაიმსახურეს ის, რომ შაბათის შეხვედრაში მინდორზე იქნებიან“.

შეგახსენებთ, რომ უელსისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 21 ნოემბერს ლანელიში, პარკ სქარლეთზეა დანიშნული და თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. როგორც აღვნიშნეთ, ახალი ტურნირის პირველ ტურში უელსმა დუბლინში წააგო, ქართველი მორაგბეები კი ლონდონში ინგლისთან 0:40 დამარცხდნენ.

უელსი საქართველოსთან

15. ლიამ უილიამსი (65 კეპი), 14. ჯონი მაკნიკოლი (4), 13. ნიკ ტომპკინსი (6), 12. ჯონი უილიამსი (უკეპო), 11. ლუის რის-ზემიტი (1), 10. კალუმ შიდი (1), 9. ქირან ჰარდი (უკეპო), 1. უინ ჯონსი (27), 2. ელიოტ დი (30), 3. სამსონ ლი (43), 4. ჯეიკ ბოლი (47), 5. სებ დევისი (8), 6. ჯეიმს ბოთემი (უკეპო), 7. ჯასტინ ტიპურიკი (78, კაპ.), 8. აარონ უეინრაითი (24).

სათადარიგო: 16. სემ პერი (2), 17. ნიკი სმიტი (36), 18. ლეონ ბრაუნი (10), 19. ქორი ჰილი (27), 20. ჯეიმს დევისი (9), 21. რის ვები (34), 22. იოან ლოიდი (უკეპო), 23. იონაჰ ჰოლმსი (3).

კომენტარები

ბოლო ამბები