Thumbnail

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გუნდის ბოლო მატჩები შეაფასა და მცველები საბა კვერკველია და გია გრიგალავა გააკრიტიკა, რომლებიც მისი აზრით, შეკრებაზე მოუმზადებლები გამოცხადდნენ. ცხადაძემ ემოციური კომენტარი საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ჩართვისას გააკეთა.

“მინდა, პირადად კვერკველიასა და გრიგალავას მივმართო. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, თავს მიხედეთ ბიჭებო, რა. სირცხვილია ასეთ მდგომარეობაში ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა. უბრალოდ არ შეიძლება ასე. როდესაც ფეხბურთელები ნაკრებში ასეთი წონით ჩამოდიან, ეს გუნდისა და გულშემატკივრების უპატივცემულობაა. მითუმეტეს, როდესაც გუნდისთვის წამყვანი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან”.

ცხადაძემ გადაცემის წამყვანის კითხვასაც უპასუხა, რომელიც ეროვნულ გუნდში მის შესაძლო დაბრუნებას შეეხებოდა. შეგახსენებთ, რომ 52 წლის ქართველი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს უკვე თავკაცობდა 2015-16 წლებში და არსებობს აზრი, რომ თუკი გუნდის ქართველი მწვრთნელის დანიშვნა გადაწყდა, ცხადაძე კიდევ ერთ შანსს იმსახურებს.

"ბევრად მომზადებული ვარ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ვმუშაობდი, მეტი ცოდნა მივიღე და ბევრად წინ ვარ. ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა. არც მე ვარ გამონაკლისი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 3 მატჩი ძალიან უსახურად ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალური მატჩი 0:1 წააგეს, რასაც ერთა ლიგის C დივიზიონში სომხეთთან მარცხი (1:2) და ესტონეთთან უგოლო ფრე მოჰყვა.

📺 საქართველო v ესტონეთი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები