Thumbnail

ტომპსონი ისევ დაშავდა - მან, შესაძლოა, მომავალი სეზონი გამოტოვოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გოლდენ სტეიტის ვარსკვლავმა აქილევსის მყესები დაიზიანა
  • 'ვლოცულობ შენზე' - დაწერა ლებრონ ჯეიმსმა კლეის გასამხნევებლად

გოლდენ სტეიტ უორიორსის ერთ-ერთმა ლიდერმა კლეი ტომპსონმა მორიგი მძიმე ტრავმა მიიღო და თუკი უარესი მოლოდინი გამართლდა, შესაძლოა, მომავალი სეზონის გამოტოვება მოუხდეს.

30 წლის ტომპსონმა აქილევსის მყესები ლოს ანჯელესში ორმხრივი თამაშის დროს დაიზიანა, რომელშიც NBA-ს მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები მონაწილეობდნენ და მყის ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა. უორიორსელს მოგვიანებით მაგნიტო-რეზონანსული შემოწმება ჩაუტარდება და მისი ტრავმის სირთულეც გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ კლეიმ გასული სეზონი მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესენის დაზიანების გამო გამოტოვა. აქილევსის ტრავმა არანაკლებ მძიმეა, ამიტომაც ტომპსონს სანერვიულო ნამდვილად აქვს.

კლეის ტრავმას უკვე გამოეხმაურნენ NBA-ში მისი კოლეგები, რომელთა შორის ლებრონ ჯეიმსიც იყო. აი, რა დაწერა ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში:

“ვლოცულობ, რათა კლეის ყველაფერი კარგად ჰქონდეს. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია”.

შეგახსენებთ, რომ ტომპსონი 2011 წლიდან გოლდენ სტეიტის ღირსებას იცავს და NBA-ს 3-გზის (2015, 2017, 2018) ჩემპიონი და ოლ სტარის 5-გზის მონაწილეა. კლეი აშშ-ს ნაკრებში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანიცაა.

კომენტარები

ბოლო ამბები