Thumbnail

მინესოტამ არჩევანი არ შეცვალა - NBA-ს 2020 წლის დრაფტის შედეგები ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 2020 წლის დრაფტი უჩვეულო ვითარებაში - ვიდეოკონფერენციით შედგა
  • ტიმბერვულვზმა პირველ ნომრად ჯორჯიელი ენტონი ედვარდსი აიყვანა

NBA-ს 2020 წლის დრატფის პირველი ნომერი ჯორჯიის უნივერსიტეტის მცველი ენტონი ედვარდსი გახდა, რომელიც მინესოტა ტიმბერვულვზმა აიყვანა. ის, რომ ტიმბერვულვზი 19 წლის ამერიკელი უკანახაზელის დამატებას აპირებდა, ადრევე ცნობილი იყო. თავის დროზე მინესოტა ცდილობდა დრაფტის პირველი არჩევანი ფინიქსიდან დევინ ბუკერის ტრანსფერში ჩაერთო, თუმცა, რაც ეს არ გამოვიდა, აღარ დაუმალავს თავისი ინტერესი ედვარდსისადმი, რომელიც NCAA-ს 2019-20 წლების სეზონში საშუალოდ 19.1 ქულას, 5.2 მოხსნასა და 2.8 პასს აგროვებდა.

ცერემონია ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ბრისტოლში (კონექტიქუტის შტატი) მდებარე ESPN-ის სტუდიაში ჩატარდა და ეს 1975 წლიდან მოყოლებული, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დრაფტი არა ივნისში გაიმართა. ცხადია, ამის მიზეზი მსოფლიოს მოდებული კორონავირუსი გახდა, თორემ წლევანდელი დრაფტის ცერემონია ზაფხულში ბრუკლინის ბარკლაი-სენთერში იყო დაგეგმილი.

საინტერესოა, რომ შარლოტ ჰორნეთსმა მე-3 არჩევანი ილავარას მცველ ლამელო ბოლს დაახარჯა, რაც ლიგის ისტორიაში გამორჩეული მოვლენა გახდა. ეს NBA-ში პირველი შემთხვევაა, როდესაც ძმები დრაფტის პირველ ხუთეულში იყვნენ არჩეულნი. შეგახსენებთ, რომ ლამელოს უფროსი ძმა ლონზო ბოლი 2017 წლის დრაფტზე ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მე-2 ნომრად აიყვანა.

ცნობისთვის, დრაფტის მოწინავე ათეულში 2 არაამერიკელი კალათბურთელი იქნა არჩეული: გერმანული ულმის ფრანგი მცველი კილიან ჰეისი მე-8 ნომრად ნიუ იორკ ნიქსმა აიყვანა, ხოლო ათეული ისრაელის ნაკრების ტალანტმა დენი ავდიამ დააგვირგვინა. თელ ავივის მაკაბის ტალანტზე თავისი არჩევანი ვაშინგტონ უიზარდმა შეაჩერა.

NBA-ს დრაფტის მონაწილეთა ვირტუალური ფოტო

საინტერესოა, რომ დრაფტზე უცხოელთაგან ყველაზე მეტად ნიგერიელი კალათბურთელები დაფასდნენ. ამ აფრიკული ქვეყნიდან ერთბაშად 3 მოთამაშე აირჩიეს, NBA-ს შეემატნენ სერბი, ავსტრალიელი, არგენტინელი, ჩეხი, იამაიკელი, მონტენეგროელი და იტალიელი კალათბურთელებიც.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დრაფტში მონაწილეობის მიღებას ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილიც აპირებდა, თუმცა, მან 1 წლით სტუდენტურ კალათბურთში დარჩენა გადაწყვიტა და ახალ სეზონსაც სეტონ ჰოლში დაიწყებს, სადაც გუნდის ლიდერის ტვირთის ტარება მოუწევს.

NBA-ს 2020 წლის დრაფტის პირველი ათეული

1. მინესოტა – ენტონი ედვარდსი (ჯორჯია, მცველი)
2. გოლდენ სტეიტი – ჯეიმს უაიზმენი (მემფისი, ცენტრი)
3. შარლოტი – ლამელო ბოლი (ილავარა, მცველი)
4. ჩიკაგო – პატრიკ უილიამსი (ფლორიდა სტეიტი, ფორვარდი)
5. კლივლენდი – აიზეკ ოკორო (ობერნი, ფორვარდი)
6. ატლანტა – ონიეკა ოკონგვუ (სამხრეთ კალიფორნია, ცენტრი)
7. დეტროიტი – კილიან ჰეისი (ულმი, მცველი)
8. ნიუ იორკი – ობი ტოპინი (დეიტონი, ფორვარდი)
9. ვაშინგტონი – დენი ავდია (მაკაბი, ფორვარდი)
10. ფინიქსი – ჯალენ სმითი (მერილენდი, ცენტრი)

კომენტარები

ბოლო ამბები