Thumbnail

ის მკაცრი და მიზანსწრაფულია - თემურ ქეცბაიას ვარშავის ლეგიაში იწვევენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 50 წლის სპეციალისტი პოლონური გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
  • ქეცბაიასთან წინასწარი მოლაპარაკება ლეგიას პრეზიდენტმა უკვე გამართა
  • ლეგია ჩემპიონობისთვის იბრძვის

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია ვარშავის ლეგიას მთავარი მწრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური Przegląd Sportowy ავრცელებს, რომლის ცნობით,  ვარშავის კლუბის პრეზიდენტი დარიუშ მიოდუსკი 50 წლის ქართველ სპეციალისტს უკვე ელაპარაკა.

"მიოდუსკი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი უკვე ესაუბრა თემურ ქეცბაიას, რომელიც ამ ეტაპზე რეალური და სასურველი კანდიდატია. სხვათა შორის, ქეცბაიას კანდიდატურა ვარშავის კლუბში შარშანაც განიხილებოდა, მაგრამ მაშინ არჩევანი იოზაკზე შეჩერდა", - წერს გამოცემა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ლეგიამ ბოლო ტურის მატჩი მოულოდნელად შინ ზაგლებიესთან 0:1 წააგო, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხორვატი რომეო იოზაკის გაშვება გადაწყვიტა, დროებით კი გუნდი დენ კლაფურიჩს ჩააბარა. 

ლეგია ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. გუნდს 31 ტურის შემდეგ 54 ქულა აქვს, ლიდერ ლეხს კი ქულით ჩამორჩება. ასევე 54 ქულა აქვს იაგელონიას. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი.

"ქეცბაია ხასიათდება, როგორ მკაცრი და მიზანსწრაფული მწვრთნელი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიოდუსკი, ძნელი სათქმელია. მწვრთნელის შერჩევის პროცესში ჩართულია ლეგიას მმართველთა მრჩეველი ბერნჰარდ ჰეისლერიც. პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს დრო საიმისოდ, რომ მიიღოს რჩევები და გააკეთოს საბოლოო არჩევანი", - წერს legia.net.

თემურ ქეცბაია ბოლოს რუსეთის პირველი ლიგის ორენბურგს წვრთნიდა, რომელიც სეზონის წინ ჩაიბარა, მაგრამ თანამდებობა მალევე დატოვა.

საქართველოს ნაკრების გარდა, მას ბერძნულ ოლიმპიაკოსსა და აეკ-ში, ასევე კვიპროსულ ანორთოსისსა და აპოელ-ში უმუშავია.

ვარშავის ლეგიას ღირსება ქართველი ფეხბურთელებიდან ვლადიმერ დვალიშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს დაუცვიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები