Thumbnail

7 დეკემბერს, ციურიხში 2022 წელს ყატარში დაგეგმილი მუნდიალის ევროპის კონტინენტის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართება. გუნდები კალათებში ფიფას რეიტინგის მიხედვით უნდა გადანაწილდნენ, რომელიც 26 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს. 

საქართველოს ნაკრებმა კინაღამ მე-4 კალათიდან მე-5-ში გადაინაცვლა

საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში ძალიან ცუდად ითამაშა: წააგო ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1), ერთა ლიგის მატჩი სომხეთთან (1:2) და ფრედ დაასრულა შეხვედრა ესტონეთის ნაკრებთან (0:0). ეროვნული გუნდი, რომელსაც ბოლო დღეებამდე სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობდა, ფიფას რეიტინგში 86-ე პოზიციაზე იყო, ლაივ რეიტინგში კი ის 90-ეა და კიდევ 2-3 ნაკრებს შეუძლია მისი გადასწრება, თუმცა, საბედნიეროდ, მათ შორის აღარ არის ევროპული ნაკრები. 

ესტონეთთან მატჩისთვის საქართველოს რეიტინგში 1.27 ქულა დააკლდა და ახლა 1266.5 ქულა აქვს. მისი გადასწრების შანსი მადაგასკარს, ლიბანსა და ზამბიას აქვთ, თუმცა კალათების გადანაწილებაზე ეს გავლენას ვერ იქონიებს.

ევროპული გუნდებიდან საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩების მიხედვით ბელარუსმა და ისრაელმა გაუსწრეს. კიდევ ორ ნაკრებსაც რომ გაესწრო, საქართველო მეოთხიდან მეხუთე კალათაში გადაინაცვლებდა, მაგრამ სომხეთი საკმაოდ ჩამოგვრჩებოდა და ვერ დაგვეწია, კვიპროსმა და ლუქსემბურგმა კი ვერ იყოჩაღეს. ასე რომ, ევროპულ ქვეყნებში საქართველოს ნაკრები 39-ეა და მას მეოთხე კალათში მოახვედრებენ შესარჩევის წილისყრისას. 

მეოთხე კალათში იქნებიან და, შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ვერანაირად ვერ იქნებიან: ბოსნია, სლოვენია, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, ისრაელი და ლუქსემბურგი. სომხეთის ნაკრებს სულ ცოტა აკლდება და ვერ უსწრებს ლუქსემბურგს ის მე-5 კალათში რჩება. 

მუნდიალი 2022. შესარჩევი ციკლის კალათები (ევროპა)

1. ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები

2. შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი

3. რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი

4. ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი

5. სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიტვა, ლატვია, ანდორა

6. მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო

მუნდიალის პლეი ოფის ორი საგზური - ვის შეხვდება ისინი

დაბოლოს, ერთა ლიგის ორი საუკეთესო ჯგუფის გამარჯვებული  გუნდი უკვე ფლობს მუნდიალის საკვალიფიკაციო პლეი ოფის საგზურს, თუმცა მათ ვინაობას ოთხთა ფინალი გაარკვევს - საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ესპანეთიდან ორი საუკეთესო (ფინალისტი) საგზურის მფლობელი ხდება. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მუნდიალის შესარჩევ ციკლში პირველ (ამ შემთხვევაში მუნდიალის საგზურს მოიპოვებს) ან მეორე ადგილს (პლეი ოფში ისედაც გადის) ვერ დაიკავებს. თუ ამ ოთხეულიდან არც ერთს ეს საგზური არ დასჭირდა, რისი მაღალი ალბათობაცაა, შემდეგ მოდის: 1) უელსი; 2) ავსტრია; 3) ჩეხეთი; 4) უნგრეთი; 5) სლოვენია; 6) მონტენეგრო; 7) ალბანეთი; 8) სომხეთი; 9) გიბრალტარი; 10) ფარერის კუნძულები. 

შესაძლოა, უელსის ნაკრებს მუნდიალამდე მხოლოდ 2 მოგება აშორებს

მაგალითისთვის, შესაძლოა, უელსის ნაკრებს სულ ორი მოგება აშორებს მუნდიალამდე. როგორ? უელსის ნაკრებმა მოიგო თავისი ჯგუფი B დივიზიონში, თან ეს დივიზიონში საუკეთესო ქულებით შეძლო. ასე რომ, თუ ერთა ლიგის ოთხი ფინალისტებს ერთზე მეტი საგზური არ დასჭირდათ და უელსი ჩვეულებრივი შესარჩევი ტურნირის გზით მას ვერ მოიპოვებს, პლეი ოფში სწორედ რაიან გიგზის გუნდი ითამაშებს. თუ ოთხთა ფინალის არცერთ გუნდს არ დასჭირდა საგზური, მეორე საგზური ავსტრიას შეხვდება (ბუნებრივია, თუ ავსტრია მას შესარჩევი გზით ისედაც არ მოიპოვებს) და ასე შემდეგ (თუ არც ეულსსა და ავსტრიას დასჭირდათ, საგზურები ჩეხეთსა და უნგრეთს გადაეცემათ).

კომენტარები

ბოლო ამბები