Thumbnail

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და დადგინდა იმ ოთხი ნაკრების ვინაობა, რომლებმაც A ლიგას ჯგუფებში გამარჯვება მოიპოვეს და მომავალ წელს ტურნირს მოგებისთვის ოთხთა ფინალში იბრძოლებენ. 

საფრანგეთისა (А3) და ესპანეთის (А4) შემდეგ, ერთა ლიგის ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება იტალიისა (А1) და ბელგიის (А2) ნაკრებებმაც მოიპოვეს. ნახევარფინალური შეხვედრები 2021 წლის 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება, ფინალი და მესამე ადგილისთვის შეხვედრა კი 10 ოქტომბერს ჩატარდება.

ოთხთა ფინალს 1-ელი ჯგუფის გამარჯვებული იტალია უმასპინძლებს, ნახევარფინალების წილისყრა კი 3 დეკემბერს, უეფას აღმასკომის სხდომაზე გაიმართება. 

ერთა ლიგის პირველი გათამაშება პორტუგალიამ მოიგო

კოვიდინფიცირებული რობერტო მანჩინის გარეშე დარჩენილ იტალიის ეროვნულ ნაკრებს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია. ბოსნია-ჰერცოგოვინის წინააღმდეგ სათამაშოდ, "სკუადრა აძურა" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ალბერიგო ევანიმ გაიყვანა. სარაევოში იტალიელებმა ანდრეა ბელოტისა და დომენიკო ბერარდის ეფექტური გოლებით მოიგეს (2:0) და როგორც 1-ელი ჯგუფის გამარჯვებულებმა, ოთხთა ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვეს. 

აღსანიშნავია, რომ რობერტო მანჩინის გაწვრთნილ იტალიის ნაკრებს უკვე 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 17 მოგება, 5 ფრე. "აძურამ" ბოლოს 2018 წლის სექტემბერში, პორტუგალიასთან წააგო (0:1) 

📺 ბოსნია V იტალია [მიმოხილვა]

ერთა ლიგის წინა გათამაშების ფინალისტს 1-ელი ჯგუფის მოგების შანსი და ოთხთა ფინალში გასვლის ჰქონდა, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი იტალიის ნაკრებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ფეხი დაუცდებოდა. ასე არ მოხდა და ნიდერლანდების ნაკრები, სტუმრად პოლონეთთან მოგების მიუხედავად, მხოლოდ ჯგუფში მეორე ადგილით დაკმაყოფილდა. ფრანკ დე ბურის შეგირდები 77-ე წუთამდე სულაც აგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში მატჩის ბედის შემოტრიალება მაინც მოახერხეს - მემფის დეპაისა (პენალტით) და ჟორჟინიო ვეინალდუმის გოლებით.

1-ელი ჯგუფიდან B ლიგაში ბოსნია-ჰერცოგოვინა დაქვეითდა.

📺 პოლონეთი V ნიდერლანდები [მიმოხილვა]

მე-2 ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ბელგია-დანიის დაპირისპირებაში უნდა გარკვეულიყო. მასპინძლებმა მიზანს რომელუ ლუკაკუს დუბლის, იური ტილემანსისა და კევინ დე ბრუინის გოლების წყალობით მიაღწიეს. დანიის ნაკრებიდან ერთი გოლით იონას ვინდი გამოირჩა, მეორე კი მთლიანად ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუას "დამსახურებაა". ავტოგოლი ნასერ შადლის ჩაეთვალა, რომლის დაგორებულ ბურთს კურტუამ უბრალოდ ფეხი ვერ დაუხვედრა.

📺 ბელგია V დანია [მიმოხილვა]

უმოტივაციო ინგლისის ნაკრებმა B ლიგაში უკვე დაქვეითებულ ისლანდიის ნაკრებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. სტუმრებს, რომლებმაც მატჩი 10 ფეხბურთელით ჩაამთავრეს, დეკლან რაისმა, მეისონ მაუნთმა და ფილიპ ფოდენმა (ორჯერ) გაუტანეს.

📺 ინგლისი V ისლანდია [მიმოხილვა]

ბოსნია-ჰერცოგოვინისა და ისლანდიის გარდა, A ლიგიდან B-ში დაქვეითდა შვედეთიც. მოგვიანებით გაირკვევა მე-4 ჯგუფის ბოლოადგილოსნის ვინაობა, სადაც შვეიცარიისა (3 ქულა) და უკრაინის (6) მატჩი სტუმარი გუნდის ფეხბურთელებში კორონავირუსის გამოვლენის გამო არ ჩატარდა. თუკი უკრაინას წაგება ჩაეთვლება, ანდრეი შევჩენკოს გუნდი დაქვეითდება.

A ლიგა. 1-ელი ჯგუფი

ბოსნია-ჰერცოგოვინა 0:2 იტალია

გოლები: 0:1 ბელოტი (22’), 0:2 ბერარდი (68').

პოლონეთი 1:2 ნიდერლანდები

გოლები: 1:0 იუზვიაკი (5’), 1:1 დეპაი (77' პენ.), 1:2 ვეინალდუმი (84').

A ლიგა. მე-2 ჯგუფი

ბელგია 4:2 დანია

გოლები: 1:0 ტილემანსი (3’), 1:1 ვინდი (17’), 2:1, 3:1 ლუკაკუ (57', 69'), 3:2 კურტუა (86' ავტოგოლი), 4:2 დე ბრუინი (87').

ინგლისი 4:0 ისლანდია

გოლები: 1:0 რაისი (20’), 2:0 მაუნთი (24’), 3:0, 4:0 ფოდენი (80', 84').

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში თავიანთი ჯგუფები მოიგეს და A-ში გადაინაცვლეს: ავსტრიამ, ჩეხეთმა, უნგრეთმა და უელსმა. C-ში დაქვეითდნენ ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი, თურქეთი და ბულგარეთი.   

B ლიგა

ავსტრია 1:1 ნორვეგია
ჩეხეთი 2:0 სლოვაკეთი
უნგრეთი 2:0 თურქეთი
ირლანდია 0:0 ბულგარეთი
ისრაელი 1:0 შოტლანდია
ჩრდ. ირლანდია 1:1 რუმინეთი
სერბეთი 5:0 რუსეთი
უელსი 3:1 ფინეთი

C ლიგიდან B-ში მონტენეგროს, სომხეთის, სლოვენიისა და ალბანეთის ნაკრებები აღზევდნენ. პლეი აუტში მოუწევთ თამაში: კვიპროსს, ესტონეთს, მოლდოვასა და ყაზახეთს. D ლიგიდან C-ში ორი გუნდი ამოვა - ფარერები და გიბრალტარი.

C ლიგა

საბერძნეთი 0:0 სლოვენია
კოსოვო 1:0 მოლდოვა

კომენტარები

ბოლო ამბები