Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რამაზ სვანაძე (საქართველოს ნაკრების დროებით მთავარი მწვრთნელი):

...ესტონეთთან თამაშზე: "რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვარ, არც მე და არც გუნდი. თუმცა, რეალურად სათამაშო სცენარიდან გამომდინარე, უპირატესობა ჩვენი იყო და რაც დაგვაკლდა, ეს იყო შეტევაში ხარისხი, განსაკუთრებით ბოლო ფაზაში. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ წინა შედეგებიდან, მაგრამ როგორც გუშინ ვთქვი, წარსულში ყურება არაფერს გვარგებს. ერთი, რაც ვიცი - ამ გუნდს პერსპექტივა აქვს".

...საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე: "საერთოდ არ ვფიქრობდი ამ თამაშში იმაზე, დავრჩები თუ არა მომავალშიც ნაკრების მწვრთნელად. მთლიანად ამ მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული და ჩემი მთავარი მიზანი იყო გუნდის სტრესული ვითარებიდან გამოყვანა. სხვა არაფერზე მიფიქრია. იქ ვიქნები, სადაც ჩემს ქვეყანას და ქართულ ფეხბურთს დასჭირდება. რაც შეეხება იმას, მზად ვარ თუ არა ნაკრების მწვრთნელობისთვის, მზად რომ არ ვყოფილიყავი, მერწმუნეთ, აქ არ ვიქნებოდი".

...ქართული ფეხბურთის პერსპექტივაზე: "ფეხბურთელთა იმ თაობას, რომელიც მოდის, აქვს განვითარების პერსპექტივა. ვერ გავიზიარებ პესიმიზმს. ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც ფინალამდე მოვიდნენ და ეს წაგება მათთვის იყო უდიდესი დარტყმა. პრობლემა გახდა ის, რომ ამ სტრესიდან ვერ გამოვედით და ეს მატჩები წაიღო ამ სტრესმა. თუმცა, ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ქართულ ფეხბურთს პერსპექტივა არ აქვს.

...ვაისსა და ხოჭოლავაზე: "ვლადიმირ ვაისთან შეხვედრა არ მქონია და არ ვიცი, რატომ ილაპარაკა ასე. არ გამოვრიცხავ, ეს ყველაფერი ემოციურ ფონზე ისაუბრა. მე გუნდში არასრული ორი დღე მქონდა სამუშაოდ და ვერაფერს შევცვლიდით. მთავარი იყო გუნდში განწყობის ამაღლება. რაც შეეხება ხოჭოლავას, ძირითადში დავაყენე, რადგან მასში არ შემიმჩნევია არაფერი ცუდი და ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის რეალთან, ინტერსა და კიევის დინამოსთან ძირითადში თამაშობს, ვფიქრობ, ის საქართველოს ნაკრების ძირითადში თამაშსაც იმსახურებს".

რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა

...ნაკრების სათამაშო სტილზე: "რას შევცვლიდი გუნდში? აქცენტს გავაკეთებდი შემტევ ფეხბურთზე, ბურთის ფლობაზე, რადგან ვფიქრობ, რომ ბალანსის დაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელია კარგი ფეხბურთის თამაში, რადგან ვიმეორებ, მიმაჩნია, რომ ქართულ ფეხბურთს პერსპექტივა აქვს".

...ახალგაზრდა თაობაზე: "19-წლამდელთა ნაკრებში არის ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც პროფესიონალიზმით და ბევრი შრომით აქვთ პოტენციალი, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ. კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, რადგან ამ ასაკში ავანსების გაცემა არ შეიძლება. ზურიკო დავითაშვილს რაც შეეხება, მზად რომ არ ყოფილიყო ეროვნული ნაკრებისთვის, არ ვათამაშებდი. მას უდიდესი ნიჭი გააჩნია, უბრალოდ, არის შეჩვევის მომენტი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ითამაშა, მაგრამ გუნდთან შეჩვევა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს გადალახავს. ჩემი აზრით, მას ფლანგზეც და შუაშიც შეუძლია თამაში და ეს ყველაფერი ტაქტიკურ სქემაზეა დამოკიდებული".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ესტონეთთან მატჩი 2020 წელს ბოლო იყო. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაატარებენ, თუმცა მეტოქეები ჯერჯერობით უცნობია, ჯგუფური ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერსაა დაგეგმილი.

📺 საქართველო v ესტონეთი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები