Thumbnail
  • გერმანული ფეხბურთის შეფებმა ნაშუადღევს ითათბირეს
  • ლიოვის სავარაუდო შემცვლელთა შორის ფავორიტი ჰანსი ფლიკია

ესპანეთთან ისტორიული 0:6-ის შემდეგ, ‘ბილდის’ რეპორტიორმა გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს ჰკითხა, შიშობს თუ არა, რომ სამსახურს კარგავს. 60 წლის ბუნდესმწვრთნელის პასუხი ასეთი იყო: “უნდა ვინერვიულო თუ არა სამსახურის დაკარგვაზე, ეს სხვებს უნდა ჰკითხოთ!”

‘ბილდი’ წერს, რომ ლიოვმა ამ კითხვაზე პასუხი დღეს ნაშუადღევს მიიღო. გამოცემის ინფორმაციით, მიუნხენის აეროპორტის VIP-ტერმინალში საგანგებო 30-წუთიანი თათბირი გაიმართა, რომელსაც ლიოვის გარდა, გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) პრეზიდენტი ფრიტც კელერი, გერმანიის ნაკრების დირექტორი ოლივერ ბირჰოფი და ლიოვის ასისტენტი მარკუს ზორგი ესწრებოდნენ. თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ DFB ლიოვს არ ათავისუფლებს და არც ლიოვი გადადგება!

იოახიმ ლიოვი მიუნხენის აეროპორტში. 📸 BILD.DE

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ლიოვმა თათბირი მხოლოდ ერთხელ, სიგარეტის მოსაწევად დატოვა. ‘ბილდის’ ინფორმაციით, კელერმა და ბირჰოფმა ესპანეთთან 0:6 ერთჯერად ჩავარდნად შერაცხეს და ლიოვისგანაც დამაიმედებელი სიტყვები მოისმინეს.

ბირჰოფი და ლიოვი ახლა ესპანეთთან მატჩს დეტალურად გააანალიზებენ. პოპსპორტმა დღეს ლოთარ მათეუსის კომენტარი გაგაცნოთ - ბუნდესგუნდის ლეგენდარული რეკორდსმენი ფეხბურთელი ამბობდა, რომ ესპანეთთან მატჩის დროს გერმანელ ფეხბურთელთა მიერ დაშვებული შეცდომების ანალიზს 8 საათი დასჭირდება. 

მოკლედ, ‘იოგი’ მინიმუმ ზაფხულამდე თანამდებობაზე რჩება. სწორედ ზაფხულის შემდეგ მოსალოდნელ სცენარზე წერს გერმანული სპორტული გამოცემა Sport Bild. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ლიოვს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფლიკი შეცვლის.

ლიოვს DFB-სთან კონტრაქტი 2022 წლის მუნდიალამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ბოლოდროინდელი რეგრესისა და განსაკუთრებით ესპანეთთან 0:6-ის შემდეგ ამ კონტრაქტის ბოლომდე აღსრულება უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. Sport Bild-ის ცნობით, DFB-ის ფავორიტი ფლიკია.

ჰანსი ფლიკი გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ლიოვის პოტენციურ შემცვლელებს შორის ფავორიტად იურგენ კლოპი მიიჩნეოდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა - მას შემდეგ, რაც იურგენმა ლივერპულთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. მართალია, არც ფლიკს აქვს ხანმოკლე ხელშეკრულება ბაიერნთან (2023), მაგრამ Sport Bild წერს, რომ ლიოვის ჰანსით ჩანაცვლება უფრო რეალურიცაა და DFB-შიც ფლიკს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

გერმანიის ნაკრებს აქამდე 0:6 მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული - 1931 წლის 24 მაისს, ავსტრიასთან - ანუ, 89 წლის წინათ! ლიოვის ერაში კი ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია...

 

კომენტარები

ბოლო ამბები