Thumbnail

გერმანიის ნაკრებს ერთა ლიგის ამ გათამაშებაში მარცხი არ ჰქონდა, ჯგუფში პირველ ადგილზე იყო და ბოლო ტურში ესპანეთთან ფრეც ჰყოფნიდა იმისათვის, რომ პირველი ადგილი დაეკავებინა და ოთხთა ფინალში გასულიყო. მოკლედ, გერმანიის ნაკრებში ყველაფერი იმაზე უკეთ იყო, ვიდრე მანამდე, მაგრამ იოახიმ ლიოვის გუნდი ესპანეთთან 0:6 შერცხვა და დღეს ყველა ბუნდესგუნდს ლანძღავს.

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი ისევ ითხოვს გუნდში მატს ჰუმელსის, თომას მიულერის და ჟერომ ბოატენგის დაბრუნებას.

'ასეთი მარცხის შემდეგ გუნდს სწორედ მათნაირი ლიდერები სჭირდება'

“ასეთი საერთო შერცხვენა, ასეთი მწარე მარცხი ჯერ არ მინახავს! რა თქმა უნდა, ისევ ყველა მოითხოვს ნაკრებში ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნებას. მათზე უკეთესი მცველები გვყავს? გუნდს ასეთი მარცხის შემდეგ სწორედ მათნაირი ლიდერები სჭირდება! ასევე თომას მიულერი, რომელსაც ლიდერის საუკეთესო თვისებები აქვს,” - განაცხადა 59 წლის მათეუსმა ‘ბილდთან’ ინტერვიუში და დასძინა: “არა მგონია, რომ იოახიმ ლიოვმა უკან დაიხიოს და ისინი დააბრუნოს.” შეგახსენებთ, რომ ლიოვმა ბოლოს არაერთხელ გაიმეორა, რომ ზემოთ ხსენებული ტრიოს ბუნდესგუნდში დაბრუნებაზე არ ფიქრობს.

როდესაც ესპანელებმა მე-6 გოლი გაიტანეს, მათეუსმა, რომელიც 150 მატჩით გერმანიის ნაკრების რეკორდსმენია, თქვა: “ლიოვისთვის შეცდომების ანალიზის გაკეთებას აზრი აღარ აქვს. მარტო ვიდეო-ანალიზს მინიმუმ 8 საათი დასჭირდება!”

📺 ესპანეთი 6:0 გერმანია [მიმოხილვა]

ესპანეთთან 0:6-ის შემდეგ გერმანიაში ბევრი ექსპერტი ითხოვს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რაშიც პირველ რიგში სწორედ ლიოვის შეცვლა იგულისხმება. გერმანელებს დიდი ტურნირის წინ რამდენიმე თვით ადრე მთავარი მწვრთნელის შეცვლა არ სჩვევიათ, მაგრამ აშკარა რეგრესს ასეთი სირცხვილი მოჰყვა და გამორიცხული აღარაფერია. ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელებს ჰანსი ფლიკი და იურგენ კლოპი მოსწონთ, მაგრამ ერთი მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელია, მეორე კი - ლივერპულის. არც მიუნხენელები და არც მერსისაიდელები მათ დათმობას არ მოისურვებენ.

გერმანიის ნაკრებს აქამდე 0:6 მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული - 1931 წლის 24 მაისს, ავსტრიასთან - ანუ, 89 წლის წინათ! ლიოვის ერაში კი ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია...

 

კომენტარები

ბოლო ამბები