Thumbnail

'ბავშვობიდან მისით მოხიბლული ვარ' - ჟორჟ მიქაუტაძემ თავისი კერპი დაასახელა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ფრანგული ლიგა 1-ის ოფიციალურმა საიტმა 20 წლის ჟორჟ მიქაუტაძის ვიდეოინტერვიუ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ქართული წარმოშობის ფორვარდი სწორედ მეცს ეკუთვნის და ბელგიურ სერენში, სადაც 10 მატჩში 15 გოლი გაიტანა, იჯარის წესით თამაშობს.

ჟორჟი გოლებს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს სტილში აღნიშნავს. ასე რომ, მოულოდნელი არ ყოფილა, როცა მან საფეხბურთო კერპად კრიშტიანო რონალდო დაასახელა. 

ჟორჟ მიქაუტაძე: "ბავშვობიდან კრიშტიანო რონალდოს ფანი ვიყავი. ის ყოველთვის შთამაგონებდა და ახლაც ასეა. ბავშვობიდან უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი მისი მონაწილეობით. რაც ყველაზე მეტად მიყვარს მასში, შრომისმოყვარეობაა. სწორედ ამის გამო გახდა კრიშტიანო ის, რაც არის ახლა". 

ჟორჟი პროქსიმუს ლიგის ბომბარდირია 15 გოლით

მას მერე, რაც მეცის ფორვარდმა იბრაჰიმა ნიანემ მძიმე ტრავმა მიიღო, ბევრმა იფიქრა, რომ კლუბი მიქაუტაძეს უკან გამოძახებდა. ასე არ მოხდა. მეცმა ბელგიელი აარონ ისეკა დაიმატა. მიქაუტაძე ამის გამო გულდაწყვეტილი არ არის.

"უნდა გავაგრძელო პროგრესი და ვითამაშო რაც შეიძლება ბევრი. უნდა დავუმტკიცო მეცს, რომ ლიგა 1-ის დონეზე თამაში შემიძლია. მე ჯერ ეს არ დამიმტკიცებია".

შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში თამაშზე უკვე საუბრობენ. ფეხბურთელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

კომენტარები

ბოლო ამბები