Thumbnail

საქართველოს ნაკრები 2020 წელს და უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო შეხვედრას თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან გამართავს. 1 კვირის წინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე მოცემულობა ასეთი იყო - ყველაფერი ან არაფერი. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ხელში არაფერი შერჩა - ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ვეღარც ერთა ლიგის B დივიზიონში გადავა.

სომხეთის ნაკრებთან წინა ტურში მარცხმა ყოველგვარი შანსი გააქრო და ვლადიმირ ვაისმა პოსტი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ცნობებით გუნდისთვის ესტონეთთანაც მას უნდა ეხელმძღვანელა. სლოვაკი სპეციალისტი დროებითმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ შეცვალა, რომელიც 19-წლამდე ნაკრების დამრიგებელია. სვანაძე საქართველოს ნაკრებს ამ კონკრეტულ მატჩში გაწვრთნის, ხოლო ახალი მწვრთნელის ვინაობა სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველო-ესტონეთის თამაშს კი სატურნირო დატვირთვა საერთოდ არ გააჩნია. ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს 6 ქულა აქვს და უკეთეს შემთხვევაში მე-2 ადგილზე თუ გადავა, რაც B დივიზიონის საგზურს არ იძლევა და ამდენად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო მე-4 პოზიციაზე დაქვეითება არ ემუქრება, რადგან ესტონეთს 4 ქულით უსწრებს. ამგვარად მივიღეთ ოფიციალური მატჩი ამხანაგურის სტატუსით.

ესტონეთმა მაკედონიას ორ მატჩში 4 გოლი გაუტანა, საქართველომ სამ თამაშში მხოლოდ ორი

თამაშამდე საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი მიზანი გუნდში ფსიქოლოგიური განწყობის ამაღლებაა. მანვე, რამდენიმე ცვლილება დააანონსა, მაგრამ არა ძირეული.

"გამარჯვება ფეხბურთელებზე მეტად არავის უნდოდა"

"ეროვნული ნაკრების გაძღოლა ჩემთვის უდიდესი პატივია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ნდობის ეს მანდატი მომანიჭა. მთავარი ამოცანა ის არის, რომ ახლა ფსიქოლოგიური ფონი, რაც შეიძლება, მალე ამაღლდეს. დაბრუნდეს განწყობა და ხარისხი. მერწმუნეთ, ფეხბურთელებზე მეტად არავის უნდოდა, რომ მოგვეგო ეს თამაში და ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ რეალობა ასეთია. ფეხბურთი ასეთია, არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული მხარე. წარსულით ცხოვრება არაფერს მოგვიტანს და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ".

რამაზ სვანაძეს პრესკონფერენციაზე ნიკა კვეკვესკირი ახლდა და გამოცდილმა ნახევარმცველმა მატჩამდე კომენტარი გააკეთა:

"5 წლის ნაშენები საქმე ჩვენივე ხელით სამ დღეში ჩამოვანგრიეთ"

"ამ გუნდში ყველაფერია: ერთმანეთის მხარდაჭერა, გამოცდილი ფეხბურთელების მხრიდან ახალგაზრდების მხარდაჭერა და გვერდში დგომა. მას შემდეგ, რაც ნაკრებში ვარ, ყველაზე კარგი ატმოსფეროა გუნდში, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ 5 წლის ნაშენები საქმე ჩვენივე ხელით სამ დღეში ჩამოვანგრიეთ. ჩვენი მოვალეობაა, ახლა გამოვიდეთ და ეს ყველაფერი გადავლახოთ. მზად ვართ ყველაფრისთვის, თითოეული წნეხისთვის, რაც ჩამოგვენგრა ჩვენივე ხელებით ან ფეხებით, რახან ფეხბურთელები ვართ, თავიდან უნდა ავაშენოთ და ყველამ ერთად თითოეული აგური უნდა დავდოთ".

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრები ესტონეთს 7-ჯერ შეხვედრია, მაგრამ ეს იქნება მე-2 ოფიციალური თამაში. ტალინურ მატჩამდე მხოლოდ სპარინგები იყო და განვლილი 7 თამაშიდან უპირატესობა ჩვენს მხარესაა - 4 მოგება, 2 წაგება და 1 ფრე (ბურთების შეფარდება - 9:7).

1998 წლის 18 ნოემბერს საქართველომ 3:1 იმარჯვა, დუბლი მიხეილ აშვეთიამ შეასრულა, ერთხელ დავით ჯანაშიამ გაიტანა. 2000 წლის 11 ივნისს ესტონელებს დარჩათ გამარჯვება (1:0), ხოლო 2008 წლის 27 მაისს ფრე დაფიქსირდა (1:1) და თავი ლევან ყენიამ გამოიჩინა. მას შემდეგ კიდევ სამჯერ გადაიკვეთა ამ გუნდების გზები: 2010 წლის 3 მარტს საქართველოს ნაკრებმა 2:1 მოიგო ლევან კობიაშვილისა (პენალტით) და დავით სირაძის გოლებით, ხოლო 2015 წლის 11 ნოემბერს, ტალინში ქართველები 0:3 დამარცხდნენ.

ვლადიმირ ვაისმა ნაკრებს 47-ჯერ უხელმძღვანელა და ბოლო ორი ყველაზე ცუდი თამაში გამოდგა

ბოლოსწინა შეხვედრაში "მიხეილ მესხზე" ჯიმი ტაბიძისა და ვაკო ყაზაიშვილის გოლებით, ანგარიშით 2:0 ვიმარჯვეთ (2018 წლის 27 მარტს). ხოლო ბოლო დაპირისპირება 5 სექტემბერს, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შედგა და ქართველებმა ნიკა კაჭარავას მატჩის დასაწყისში გატანილი გოლით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ თბილისში სამივე თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა (7:2-ზე ბურთების ბალანსი).

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი თამაში სომხეთთან წააგო (6 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება).

⚽  საქართველოს ნაკრები თბილისში ესტონეთთან მუდმივად იგებს - 3 თამაში, 3 მოგება.

⚽ ესტონეთმა ერთა ლიგის 2018 წლის გათამაშებაში C დივიზიონში ითამაშა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. 6-დან 4 მატჩი წააგო, თუმცა უნგრეთთან ფრე ითამაშა (3:3), ხოლო საბერძნეთს ათენში მოუგო (1:0).

⚽  ესტონეთმა ბოლოს ამხანაგურ მატჩში 2019 წლის მარტში გიბრალტარი დაამარცხა. ოფიციალურ შეხვედრაში უკანასკნელად საბერძნეთთან 2018 წელს მოიგო. გიბრალტართან მოგების შემდეგ ბალტიისპირელებს 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ (3 ფრე, 12 წაგება).

⚽  საქართველოს ნაკრებს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს მას შემდეგ, რაც ბელარუსი დაამარცხა (2 ფრე, 2 წაგება), ხოლო ბოლო 2 თამაში წააგო.

⚽  საქართველოს ზედიზედ 3 თამაში 2015 წლის შემდეგ არ წაუგია, როდესაც ნაკრებს კახა ცხადაძე წვრთნიდა.

⚽  თბილისში საქართველომ ბოლო ორ მატჩიდან იმდენივე მატჩი წააგო (2), რამდენიც მანამდე ჩატარებული 17 თამაშიდან. ზედიზედ სამჯერ კი შინ 2008 წლის შემდეგ არ დამარცხებულა.

⚽  ესტონეთის ნაკრების ბოლო 10 შეხვედრაში 6-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽  საქართველოს ნაკრების ბოლო 10 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 6-ჯერ ოივე გუნდმა გაიტანა.

⚽  ესტონეთის ნაკრებს ბოლო 7 საგარეო მატჩი არ მოუგია და უკანასკნელი 5 წააგო.

⚽  საქართველომ თბილისში ბოლო 10 მატჩიდან 4 მოიგო, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 3-ჯერ წააგო, მათ შორის ბოლო 2 ზედიზედ.

კომენტარები

ბოლო ამბები