Thumbnail

ვლადიმირ ვაისი ხუთ კანდიდატში - სლოვაკმა შესაძლოა ისევ ნაკრები გაწვრთნას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრებიდან წასული ვლადიმირ ვაისის მიმართ ინტერესი არსებობს
  • სლოვაკ სპეციალისტს ყაზახეთის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე განიხილავენ 

საქართველოს ნაკრების დატოვების შემდეგ, ვლადიმირ ვაისი თავისუფალია, სლოვაკი სპეციალისტის ყაზახეთში სამუშაოდ დაბრუნებაზე საუბარი კი კიდევ უფრო გააქტიურდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე ვაისი სწორედ ამ ქვეყანაში საქმიანობდა, სადაც ალმათის ქაირათს წვრთნიდა.

ამჯერად ვლადიმირ ვაისი ყაზახეთის არა რომელიმე კლუბის, არამედ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება. ცნობისთვის, ამ ქვეყნის უპირველეს გუნდს ამჟამად მიხალ ბილეკი - ქართველი ქომაგისთვის ნაცნობი ჩეხი სპეციალისტი წვრთნის, რომელიც თავის დროზე დინამო თბილისში მუშაობდა. ბილეკი თანამდებობას სულ მალე დატოვებს და მის სავარაუდო შემცვლელთა შორის ყაზახური მედია ვლადიმირ ვაისსაც განიხილავს. 

ვაისის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორჯერ მოუგო

Vesti.kz იმ ხუთ სპეციალისტს ასახელებს, რომლებიც ამჟამად უმუშევრები არიან და ყაზახეთის ნაკრების ჩაბარებით შესაძლოა დაინტერესდნენ. ხუთეულში პირველად სწორედ ვლადიმირ ვაისის კანდიდატურაა მოყვანილი. 

"როგორ საოცრად სწრაფად იცვლება ვაისი-მწვრთნელის შეფასებები მას შემდეგ, რაც მან საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. ნუთუ ის მართლაც მუდმივად უიღბლოა? ასეთი საკითხებსა და მტკიცებულებებს შეცდომაში შევყავართ. როგორც წესი, ვაისი აუმჯობესებდა იმ ნებისმიერი გუნდის შედეგს, სადაც მუშაობდა.

ვაისი-მწვრთნელი ყველაზე წარმატებული თავისი ქვეყნის ნაკრებში იყო

ქაირათში ვერ გახდა ჩემპიონი? მაგრამ ბევრს დაავიწყდა, რომ მისი მეტოქე სტანიმირ სტოილოვის ასტანა იყო - ყაზახური ფეხბურთის ისტორიაში ალბათ საუკეთესო გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოდიოდა. საქართველო? ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც ამ ნაკრებს დიდ ტურნირში მოხვედრის რეალური შანსი გაუჩინა. და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს გაცილებით უკეთესი თაობებიც ჰყავდა, მაგრამ ევროსა თუ მუნდიალთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.

ვაისს ყაზახეთის ნაკრების გამოცოცხლება შეუძლია. მან იცის ჩვენი ფეხბურთის კონტექსტი, მოთამაშეების მენტალიტეტი, მისი ემოციურობა, გამოცდილება და ტაქტიკური ცოდნა კი ბუნებრივი და ეფექტიანია ეროვნულ გუნდებში მუშაობისას", - წერს ყაზახური საიტი, რომელიც ვაისის გარდა კანდიდატებად იური სიომინს, ყურბან ბერდიევს, მიროსლავ ჯუკიჩსა და სტოლე სოლბაკენს ასახელებს. 

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლის მარტიდან ავარჯიშებდა და 47 მატჩში უხელმძღვანელა. მან ამ შეხვედრებიდან 16 მოიგო, 16-ჯერ წააგო და 15-ჯერ ფრე ითამაშა. სლოვაკის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ითამაშა და ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.

56 წლის სპევიალისტის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება, რომელსაც 2008-11 წლებში წვრთნიდა და ის 2010 წლის მუნდიალის ⅛-ფინალში გაიყვანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები