Thumbnail

საქართველოს ნაკრები ოთხშაბათს ესტონეთის ნაკრებს მასპინძლობს და ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურის მატჩი აბსოლუტური ფორმალობაა. ეროვნული გუნდი 5 ტურის შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილზეა და არც წინ წასვლის შანსი აქვს და არც ბოლო ადგილზე ჩამოსვლის და D დივიზიონში დაქვეითების საფრთხე ემუქრება.

აღნიშნული მატჩის წინ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვულაიდმა პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

კარელ ვულაიდი (ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

...საქართველოსთან თამაშზე: "რასაკვირველია, ჩემი პირველი დავალება ისაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები აღვზარდო, მაგრამ ხვალ ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება და თბილისში ამის გამო ვიმყოფებით. ვნახე ვიდეო, როგორ მოაცილეს საქართველოს ნაკრები გულშემატკივრებმა სტადიონამდე ფინალურ მატჩამდე. ვიცი, რომ ეს თქვენი უნიკალური შანსი იყო და სამწუხაროა, რომ ვერ გამოიყენეთ. რამდენიმე წლის წინ ჩვენც იგივე ვითარებაში ვიყავით, როცა ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. პროფესიონალები ვართ და დარწმუნებული ვარ ორივე გუნდი მოედანზე გამარჯვებისთვის გავა."

...ჯაბა კანკავას წინააღმდეგ თამაშზე: "ესტონეთს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და არაერთ დიდ ფეხბურთელთან მოუწიათ დაპირისპირება, მაგალითად, წელს გორან პანდევთან. მინდა, რომ ხვალ საქართველოს ნაკრები მინდორზე საუკეთესო შემადგენლობით გამოვიდეს და ჩემს ფეხბურთელბს ჯაბა კანკავას დარი გამოცდილი მოთამაშის წინააღმდეგ თამაშის შანსი ჰქონდეთ."

...მოტივაციაზე: "უმაყურებლოდ თამაშს ყველა შევეჩვიეთ. პროფესიონალმა ფეხბურთელმა ესეც უნდა გადალახოს. ვიცით, რომ სატურნირო მოტივაცია ამ შეხვედრას არ აქვს, მაგრამ ნაკრების მაისურით თამაშზე დიდი მოტივაცია არ არსებობს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში რამაზ სვანაძე გაწვრთნის, მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 6 ქულით მე-3 ადგილზეა და ბოლო ტურის წინ არც წინ წასვლის შანსი აქვს და არც მე-4 პოზიციაზე დავქვეითება ემუქრება.

სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ

 

კომენტარები

ბოლო ამბები