Thumbnail

ნიკა კვეკვესკირი: მგონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არავის უნდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ნაკრები ოთხშაბათს ესტონეთის ნაკრებს მასპინძლობს და ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურის მატჩი აბსოლუტური ფორმალობაა. ეროვნული გუნდი 5 ტურის შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილზეა და არც წინ წასვლის შანსი აქვს და არც ბოლო ადგილზე ჩამოსვლის და D დივიზიონში დაქვეითების საფრთხე ემუქრება.

ნაკრების დროებით მწვრთნელ რამას სვანაძესთან ერთად, ესტონეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა კვეკვესკირმაც ისაუბრა.

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი)

...ვლადიმირ ვაისზე: „თავს უფლებას მივცემ და გუნდის სახელით ვისაუბრებ. მადლობა ბატონ ვლადიმირ ვაისს, რადგან მართლა დიდი სამუშაო იქნა გაწეული ამ პერიოდში. იყო გუნდში რამდენიმე ახალი სახე და კარგი შედეგი. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ცუდად დასრულდა და ახლა ცხელ გულზე, ალბათ არცერთ გულშემატკივარს არ ახსოვს არაფერი დადებითი. თუმცა მოვა დრო და მის მუშაობას მაინც დადებითად შევაფასებთ. მასთან ერთად ძალიან ბევრი კარგი ემოცია გადაგვიტანია და პირადად მეც ბევრი რამ მასწავლა.

'სრული იდილია არსად არ არსებობს, არც ოჯახში და არცერთ დაწესებულებაში'

...გუნდში პრობლემებზე: "მინდა ასევე წარმატებები ვუსურვო რამაზ სვანაძეს. მას შეუძლია, ამ მოკლე დროში გუნდში სიტუაციის შეცვლა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ოცნება კი არის, მაგრამ მგონი დღეს არავის უნდა. რაც შეეხება ვაისის განცხადებას: თუ გუნდში ელემენტარული პრობლემებია, ეს ყველა გუნდშია. სრული იდილია არსად არ არსებობს, არც ოჯახში და არცერთ დაწესებულებაში."

'5 წლის ნაშენები საქმე ჩვენივე ხელით სამ დღეში ჩამოვანგრიეთ'

...რეპუტაციის აღდგენაზე: "ამ გუნდში ყველაფერია: ერთმანეთის მხარდაჭერა, გამოცდილი ფეხბურთელების მხრიდან ახალგაზრდების მხარდაჭერა და გვერდში დგომა. მას შემდეგ, რაც ნაკრებში ვარ, ყველაზე კარგი ატმოსფეროა გუნდში, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ 5 წლის ნაშენები საქმე ჩვენივე ხელით სამ დღეში ჩამოვანგრიეთ. ჩვენი მოვალეობაა, ახლა გამოვიდეთ და ეს ყველაფერი გადავლახოთ. მზად ვართ ყველაფრისთვის, თითოეული წნეხისთვის, რაც ჩამოგვენგრა ჩვენივე ხელებით ან ფეხებით, რახან ფეხბურთელები ვართ, თავიდან უნდა ავაშენოთ და ყველამ ერთად თითოეული აგური უნდა დავდოთ."

...ფინალში მარცხის მიზეზებზე: "გაშვებულ გოლზე რეაქციას რაც შეეხება: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფეხზე იდგები თუ მოედანზე წაიქცევი. მაგალითად, ასეთი რეაქცია ჰქონდა მოჰამედ სალაჰს ეგვიპტის ნაკრებში, მაგრამ წამოდგა და ორ წუთში პენალტი მოიპოვა. ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ფსიქოლოგიურად არ ვიყავით მზად, რადგან ასეთი თამაში არასდროს გვქონია. თუნდაც გულშემატკივრებისგან, პრესისგან ამხელა მოლოდინი იყო. სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით რომ შეხვედოთ, ეს თამაში რომ გვქონდა, სამომავლოდ ძალიან კარგია, რადგან უკვე გვაქვს გამოცდილება ასეთი თამაშების. მსგავსი დონის შეხვედრებს 30 წელიწადში ერთხელ კი არ უნდა ვთამაშობდეთ, არამედ უფრო ხშირად და უფრო ადვილად შევძლებთ წნეხთან გამკლავებას."

'ჩვენთვის კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი და შენგელია ძალიან დიდი ძალაა'

...ნაკრების ლიდერების არყოფნაზე: "ჩვენ არასდროს ვწუწუნებდით იმაზე, რომ ლიდერები გვაკლდა. რეალურად თუ შევხედავთ, ჩვენთვის კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი და შენგელია ძალიან დიდი ძალაა. თან, ბოლო მომენტში გამოგვაკლდნენ. ამაზე არ ვსაუბრობდით, რადგან ვინმეს არ ეფიქრა, რომ ვწუწუნებთ. რეალობა ის არის, რომ ვიცით ჩვენი შესაძლებლობები და ვიცოდით, რა დონის გუნდთან გვქონდა საქმე. ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა და ფსიქოლოგიური წნეხისთვის მზად არ აღმოვჩნდით.

...ფეხბურთელების პასუხისმგებლობაზე: "თამაშს შემდეგ არცერთ ფეხბურთელს ერთმანეთისკენ ხელი არ გაუშვერია. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ფეხბურთელები ბოლომდე ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და ფაქტი იყო ის, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ყველაზე საჭირო მომენტში ვერ ვაჩვენეთ. ვერ გავახერეთ გულშემატკივრები, რომლებიც საოცრად დაგვხდნენ, ასეთი მხარდაჭერა არასდროს მიგვრძნია. ქართველი ქომაგი იმიტომაც იმსახურბდა ამ მოგებას, რომ წაგებული თამაშის შემდეგაც დაგვხვდნენ და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ იმედები გაგიცრუეთ, ჩვენი ოჯახების და ჩვენი იმედებიც, მაგრამ ვეცდებით, რომ მომავალში ეს იმედები გავამართლოთ."

...მთავარ პლუსზე ვაისის ნაკრებში: "მე არ ვყოფილვარ ბევრი ფორმაციის ნაკრებში, მანამდე მხოლოდ კახა ცხადაძესთან ვითამაშე რამდენიმე მატჩი. გუნდურობა იყო ვლადიმირ ვაისის დროს მთავარი პლუსი. ყველაზე მთავარი იყო, რომ ერთად ავაშენეთ ეს ყველაფერი და ვცდილობდით, რომ იდეალურთან მიახლოვებული ყოფილიყო, გამოგვდიოდა კიდეც, მაგრამ 3 დღეში ყველაფერი ჩამოვშალეთ და ეს გვესმის.

...მომავლის შესახებ: "დარწმუნებული ვარ, ქართული ფეხბურთი ამ წაგებებით არ დასრულებულა და ხვალინდელი დღიდან იწყება ახალი ფურცლის დაწერა და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი კიდევ უფრო კარგ ატმოსფეროს გახდის და ვინც ფეხბურთშია ჩართული უფრო მეტად მონდომებული იქნება, რომ საქართელოს ნაკრებს მომავალში უფრო დადებითი შედეგები ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძე საქართველოს ნაკრებს ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში გაწვრთნის, მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 6 ქულით მე-3 ადგილზეა და ბოლო ტურის წინ არც წინ წასვლის შანსი აქვს და არც მე-4 პოზიციაზე დავქვეითება ემუქრება.

სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ

კომენტარები

ბოლო ამბები