Thumbnail
  • გადაწყდა, რომ ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება
  • გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნული ლიგის მე-16 ტურში გორის დილას უმასპინძლებს
  • თამაშს მაყურებლები ვერ დაესწრებიან

გადაწყდა, რომ ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება. დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში გორის დილას სწორედ ახალ საშინაო არენაზე უმასპინძლებს.

"რამდენი წლის განმავლობაში არ გვქონდა სტადიონი. ეს სტადიონი უკვე გახსნილად ითვლება. ერთი სული გვაქვს, როდის შეივსება ეს სტადიონი, რომელსაც არაფერი აკლია. აქ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმაც და სპორტული ღონისძიებებიც უნდა ჩატარდეს", - განაცხადა დინამო ბათუმის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში სტუმრობისას.

დინამო ბათუმიის ახალი სტადიონი

🛸 პირველი მატჩი ბათუმის ახალ არენაზე 🛸 დეტალურად: bit.ly/FCDBvDILA

Posted by popsport on Tuesday, November 17, 2020

ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო. არენა უეფას მე-4 კატეგორიისაა და 20 000 მაყურებელს იტევს. ბათუმის ახალი საფეხბურთო არენის გახსნა საქართველოს საფეხბურთო პირველობის მატჩით, ბათუმისა და თბილისის დინამოების დაპირისპირებით, 12 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ თამაშის ჩატარებას ხელი გაუარესებულმა ეპიდსიტუაციამ შეუშალა. იყო საუბარი ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობაზეც -  ერთა ლიგის C დივიზიონში, ესტონეთსა და სომხეთთან, თუმცა საბოლოოდ იქ ვერც ეს მატჩები გაიმართა.

არენის საზეიმო გახსნა მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს, ხელისუფლებისა და სფფ-ის წარმომადგენლების თანდასწრებით, დაახლოებით 200 ადამიანის თვალწინ, საფეხბურთო მატჩის გარეშე მოხერხდა.

დინამო ბათუმი ეროვნულ ლიგაში 13 თამაშში მოპოვებული 26 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ დინამო თბილისს 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები