Thumbnail
  • 📅 18 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ესტონეთი | 📺 პირველი არხი
  • ეროვნული გუნდი რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით შეიკრიბა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დროებითი მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი გადაწყვიტა, რომ წლის ბოლო შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტმა უხელმძღვანელოს, რომელიც 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. სვანაძის მეთვალყურეობის ქვეშ ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა და ისიც ცნობილია, რომ ესტონეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშს კვლავ თბილისის ზღვის ბაზაზე ჩაატარებს.

17 ნოემბერს 14:00 საათზე რამაზ სვანაძე ახალ ამპლუაში პირველ პრესკონფერენციას სასტუმრო ჰუალინგში ჩაატარებს, 17:15 საათიდან კი უკვე ბალტიისპირელთა თავკაცის კარელ ვულაიდის პრესკონფერენციაა დაგეგმილი, ოღონდ, უკვე დინამო არენაზე. იქვე, 18:00 საათზე ესტონეთის ნაკრების ვარჯიში დაიწყება.

საქართველოს ნაკრებმა თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მომავალი მატჩისთვის ის ფეხბურთელებიც ემზადებიან, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო, მონაწილეობა არ მიუღიათ სომხეთთან შეხვედრაში. მათ შორის არიან გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი, რომელთაც დისკვალიფიკაცია მოიხადეს და ასევე – თორნიკე ოქრიაშვილი. ცხადია, ნაკრების რიგებში ისევ არ იმყოფებიან ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია, რომელთაც ხუთიოდ დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი 18 ნოემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. თამაშს სატურნირო კუთხით აზრი აღარ აქვს, რადგანაც გუნდებს C ლიგის მე-2 ჯგუფის მოგების შანსი დაკარგული აქვთ. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გეგმავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო).

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, რუსეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები