Thumbnail

ხვიჩასაც ავარჯიშებდა და ზურიკოსაც - ვინ არის ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რამაზ სვანაძე ვლადიმირ ვაისის დროებითი შემცვლელია
  • 39 წლის სპეციალისტი 19-წლამდე ნაკრებს უდგას სათავეში
  • ის ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს კარგად იცნობს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისის თითქმის 5-წლიანი მუშაობა დასრულდა. სლოვაკი სპეციალისტი უკვე წარსულია და მას ახალი მწვრთნელი შეცვლის, რომლის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ესტონეთთან უახლოეს მატჩში კი ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც დროებითი მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს და ამჟამად საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

ვინ არის რამაზ სვანაძე? - 39 წლის ახალგაზრდა და საინტერესო სპეციალისტი, რომელიც ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, ზაურ სვანაძის ძმისშვილია. სხვათა შორის, ისიც ფეხბურთელი იყო და მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა ტრავმის გამო კარიერის დასრულება ნაადრევად მოუწია.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სვანაძემ დინამო თბილისში, სიონში, თბილისის ლოკომოტივსა და ფოთის კოლხეთში ითამაშა, მაგრამ ტრავმის გამო კარიერა 2007 წელს, 26 წლის ასაკში დაასრულა. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას: დინამო თბილისში მუშაობდა 2013-2015 წლებში და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. იმავე ფუნქციას ის ცოტა ხანი ბაქოს ინტერშიც ასრულებდა.

2019 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ჩააბარეს, რომელსაც დღემდე 13 მატჩში უხელმძღვანელა და შედეგი დადებითია - 8 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. სხვათა შორის, მისი თავკაცობით 19-წლამდელებს 2019 წლის აგვისტოს შემდეგ არ წაუგიათ და ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგეს (1 ფრე).

განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2019 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის შესარჩევი ეტაპი, სადაც უნგრეთის (4:2), ყაზახეთის (3:1) და მასპინძელი ხორვატიის 19-წლამდე ნაკრებები (2:0) დაამარცხეს, შესაბამისად, ელიტ რაუნდის საგზური ადვილად მოიპოვა, მაგრამ ეს ტურნირი კორონავირუსის გამო ჯერ გადაიდო და მერე გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული გუნდის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი იცავდნენ.

რამაზ სვანაძე ერთ სათამაშო სქემას როგორც წესი არ იყენებს, მაგრამ თუ უმეტესად ბოლო მატჩებს გადავხედავთ, მისთვის ფავორიტი სისტემა 4-3-3 გახლვათ. ახალგაზრდა სპეციალისტის დებიუტი დიდ ფეხბურთში სულ რაღაც ორ დღეში შედგება, მეტოქე ესტონეთია, ხოლო თამაშს პრაქტიკულად ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია.

კომენტარები

ბოლო ამბები